Galt&Taggart-ის შეფასებით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ნელი ტემპებით გააგრძელებს და მიმდინარე წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდება.
როგორც Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ BMG-ის განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთიანად 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა, მომდევნო სხდომებზე მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი შერბილება მოსალოდნელი აღარაა.
რაც შეეხება ინფლაციას, ქავთარაძის განმარტებით, დაბალი საბაზო ეფექტის გამო, მომდევნო თვეებში ფასების საერთო დონის ზრდა შესაძლოა, დაჩქარდეს, თუმცა ის მაინც მიზნობრივ მაჩვენებელთან, 3%-თან ახლოს იქნება.
„ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არგუმენტები აქვს და ამ მიმართულებით რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის, დაბალი ინფლაცია, ადგილობრივი ინფლაციის კლება და გამყარებული ლარი. გარკვეულწილად იყო მოლოდინები, რომ შეიძლებოდა ეროვნული ბანკი საერთაშორისო ბაზრებზე განაკვეთების კლებას დალოდებოდა და მხოლოდ შემდეგ შეერბილებინა დამატებით მონეტარული პოლიტიკა. თუმცა სებ-მა ერთიანად გადაწყვიტა განაკვეთის კლება. ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე წელსაც მსგავსი ტემპებით გაგრძელდება პოლიტიკის შერბილება. ჩვენ ველით, რომ დარჩენილ ექვს სხდომაზე სებ-ი დამატებით მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით, 8%-მდე შეამცირებს განაკვეთს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.