ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, უმჯობესი იქნებოდა თუკი ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად შეინარჩუნებდა.
როგორც ცომაიამ BMG-ის სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8.25-დან 8%-მდე შემცირების შეფასებისას განუცხადა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, მოქალაქეების გულის მოგების მცდელობაა.
მისი თქმით, თუკი მმართველი გუნდის მიერ ე.წ. რუსული კანონის მიღების გამო დასავლეთი მართლაც დააწესებს საქართველოს მიმართ სხვადასხვა სახის სანქციებს, ამას სავალუტო ბაზარზე ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება.
„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ძალიან გაურკვეველი პოლიტიკური გარემოა, ამ გადაწყვეტილების ლოგიკურობაზე და იმაზე, რა იქნებოდა სწორი ნაბიჯი, ვერ ვიმსჯელებთ. ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ იქნებოდა, რომ ეს განაკვეთი უცვლელი ყოფილიყო. იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ძალიან ცუდი სცენარით განვითარდება, თუკი იქნება სანქციები, ცხადია, რომ აქ ეროვნულმა ბანკმა რაც არ უნდა გააკეთოს, ეს ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეცვლის. ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლება ხალხის საწინააღმდეგოდ მიდის, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანების გულის მოგებას ცდილობს. ესეც ამ სერიიდან არის, რომ მოსახლეობას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით სესხები გაუიაფდეს. შესაბამისად, ესეც პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ და არა ეკონომიკური მიმართულებით
ჩვენ გვახსოვს, ო’ბრაიანის განცხადებამ სანქციებთან მიმართებით სავალუტო ბაზარზე რა რყევები გამოიწვია. წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ დასავლეთის მხრიდან რეალურად დაწესდება სანქციები. ასეთ შემთხვევაში გაცილებით დიდი იქნება ეს მასშტაბი და აქ ცენტრალურ ბანკს ძალიან დიდი რეზერვების დახარჯვა მოუწევს“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.