ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ ვაკანსია 7 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადების მიღება დღეს [23 თებერვალს] უნდა დასრულებულიყო.
"კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად ან ელექტრონულად (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@president.gov.ge) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად.
აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ნასამართლობის შესახებ.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (https://matsne.gov.ge/document/view/101044?publication=61)", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად სებ-ის საბჭოს წევრების წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს აქვს.
სებ-ის საბჭოს 4 წევრი აკლია - ჰქონდა თუ არა ნათია თურნავას კომუნიკაცია პრეზიდენტთან?
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში წევრთა რაოდენობა, შესაძლოა, 11-მდე გაიზარდოს