საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველებისგან CV-ებს 15 მარტამდე მიიღებს - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები.
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ)“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 თებერვალს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადო. "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან ის არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია,"- წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა. კანონის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლებოდა. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დეპუტატმა და სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის ვეტოს „სერიოზული პოლიტიკური აქტი“ უწოდა და იქვე დასძინა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას მოინდომებს, მან კიდევ ერთხელ უნდა დაასაბუთოს, აღნიშნული ცვლილებების საჭიროება.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს თავისი წინამორბედის გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკის გაზიარება ურჩია, რა დროსაც სებ-ის პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა ღია კონკურსი უნდა გამოაცხადოს.