მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის საგამონაკლისო ბრძანება "გლობალ მაგნიტსკის აქტის" სანქციებს არ ეხება

აშშ-ს ხაზინა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 2024 წლის 19 სექტემბრის საგამონაკლისო ბრძანება მაგნიტსკის აქტის სანქციებს არ ეხება, რადგანაც ბრძანება, რომელშიც ეს გამონაკლისი შევიდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების რეჟიმს განსაზღვავს. შესაბამისად, საგამონაკლისო ბრძანება ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასანქცირდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების საერთაშორისო რეჟიმებით და არა სხვა სხვა სასანქციო ნორმებით, ისეთით როგორიცაა მათ შორის "გლობალური მაგნიტსკის აქტის" სანქციების პაკეტი.

საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია არავითარი განცხადება მას შემდეგ, რაც აშშ-მა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური "გლობალური მაგნიტსკის აქტის" სიაში შეიყვანა და მას ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა. დღესვე ფინანსური სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძესაც.

20 დეკემბერს კი საქართველოს საბანკო ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც საბანკო სისტემა განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

BMG-მ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, თვლის თუ არა სებ-ი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ გამოცემული საგამონაკლისო ბრძანება ეხება "გლობალური მაგნიტსკის აქტით" სანქცირებულ პირებსაც, მაშინ როდესაც საგამონაკლისო ბრძანების ტექსტში წერია რომ ის უშუალოდ უკრაინასთან დაკავშირებით დაწესებულ სანქციებს ეხებოდა, მაშინ როდესაც "გლობალური მაგნიტსკის აქტი" უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების პაკეტს არ წარმოადგენს. BMG სებ-ის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

2023 წელს იმ დროს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესი მიიღო, საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც აშშ-ის მიერ იყო სანქცირებული, იყო ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. ფარცხალაძის სანქცირება მოხდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების გამო, რაც განმარტებული იყო იმით, რომ ოთარ ფარცხალაძე დაკავშირებულია რუსულ FSB-სთან და ის საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებისთვის დგამდა ნაბიჯებს. ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუჩერა.

2023 წლის 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ მიღებული საგამონაკლისო წესი უკავშირდებოდა რუსეთისა და ბელარუსის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების აღსრულებას საქართველოს მოქალაქეთა მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მათ მიმართ იარსებებდა ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა, გლობალური მაგნიტსკის აქტი არ მიეკუთვნება აღნიშნული სანქციების პაკეტებს.

"საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №208/04 2023 წლის 4 აგვისტო)

მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების (შემდგომში – „ანგარიშვალდებული პირები“) მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებას შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების (შემდგომში – „აშშ“), ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები (შემდგომში – „რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციები“) და ამ მიმართულებით შეიმუშაონ/დანერგონ ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმები.

მუხლი 2. რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციები

ანგარიშვალდებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციათა მოთხოვნებით, რაც მოიცავს: ა) აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს; ბ) ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს; გ) დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

მუხლი 5. ანგარიშგების ვალდებულება

1 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ანგარიშვალდებული პირები ვალდებულნი არიან საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

ამავე ბრძანების მუხლი 5,​ პრიმა - საგამონაკლისო წესი (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №253/04 2023 წლის 19 სექტემბერი)

საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული გამონაკლისი

ამ წესით გათვალისწინებულ სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი,"- ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

შესაბამისად, ბრძანება, რომელიც 2023 წლის 4 აგვისტოს გამოსცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა როგორც ეს პირველ მუხლშიც ჩანს ეხება რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციების პაკეტებს. 2023 წლის 19 სექტემბერს შეტანილი გამონაკლისი არის ამ წესის მეხუთე პრიმა მუხლი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების დაწესების შემთხვევაში ამ პირების მიმართ სანქციები მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუკი ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იმოქმედებს.

რაც შეეხება გლობალური მაგნიტსკის აქტის სანქციებს, აშშ-ის კონგრესმა ეს აქტი 2016 წლის ბოლოს მიიღო და მას "გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებების ანგარიშვალდებულების აქტი" ეწოდება. აღნიშნული აქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტები და ბრძანებები 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა, რის შედეგადაც შეიქმნა იურიდიული საფუძველი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაწესებოდათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებსა თუ გავლენიან პირებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებათა შეზღუდვაში. იქიდან გამომდინარე, რომ აქტი არ არის "უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში" მასზე ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესი არ ვრცელდება.

გლობალური მაგნიტსკის აქტით საქართველოში სანქცირების პირველი შემთხვევა 2024 წლის 16 სექტემბერს იყო, როდესაც აშშ-მა სანქციები საქართველოს 5 მოქალაქეს დაუწესა, მათ შორის ორი - მილერი ლაგაზაური და ზვიად ხარაზაშვილი შსს-ს მაღალჩინოსნები არიან, ხოლო კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე პრო-რუსული გაერთიანება "ალტ-ინფოს" წევრები.

შესაბამისად, იურიდიულად სებ-ის საგამონაკლისო წესი ფაქტობრივად ეხებოდა მხოლოდ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვს, ისიც მხოლოდ 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში, იქამდე სანამ ის ჯერ კიდევ ფლობდა საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ყველა სხვა პირის მიმართ, რომელთაც ფინანსური სანქციები შეეხოთ, საგამონაკლისო წესი ვერ გავრცელდებოდა, იქიდან გამომდინმარე რომ მათი სანქცირება არ მომხდარა უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების პაკეტებიდან.

რაც შეეხება უშუალოდ გლობალური მაგნიტსკის აქტის ფინანსურ სანქციებს, აშშ-ს მიერ განსაზღვრული წესის თანახმად, აშშ-ს აქვს უფლება გამოიყენოს მეორადი სანქციები ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ, რომელიც მომსახურებას გაუწევს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დასანქცირებულ პირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები