ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას სავალუტო რეზერვების შევსებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან ბიზნესთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა. ამ კუთხითაც იყო უარყოფითი პროგნოზები, დეკემბერ-იანვარში. ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ სხვა მონაცემები გვაქვს და იანვრის შემდეგ 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი. იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ჩვენს ისტორიაში. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას. ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა არის საკვანძო მნიშვნელობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის აგვისტოში Bmatch-ით $199.6 მლნ შეისყიდა. სებ-ის ინფორმაციით, ჯამში, იანვარ-აგვისტოში შესყიდვამ $1,496 მლრდ შეადგინა.




























