მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ბანკებს მათი მფლობელი სტრუქტურების სასარგებლოდ სესხის გაცემის შეზღუდვა გაუმკაცრა

ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებებით დაზუსტდა მოთხოვნები, რაც ბანკებს ისეთი სესხების გაცემას უკრძალავს, რომლებიც მიმართულია მათი საბოლოო მაკონტროლებელი პირის აქციების შეძენისკენ ან მათი მფლობელი სტრუქტურის მიერ გამოცემულ სავალო ინსტრუმენტებში (ობლიგაციებში) ინვესტირებისკენ.

კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების განახლებული ტექსტი ასეთია:

„4. აკრძალულია ბანკის მიერ ისეთი რისკის პოზიციების შექმნა, რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ დააფინანსოს:

ა) ამავე ბანკის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა;

ბ) ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, ან მაკონტროლებელი პირის ან ამავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა;

გ) ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის ან ამავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი კომპანიის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა", - ნათქვამია დოკუმენტში.

კიდევ ერთი შეზღუდვა სისტემური ბანკების რისკის პოზიციებს უკავშირდება, შეზღუდვა ეხება ქართული სისტემური ბანკის მიერ სხვა ქვეყნის სისტემური ბანკისთვის სესხის მიცემას, რომელზედაც დაწესებული შეზღუდვით ამ კატეგორიის სესხი ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

"როდესაც რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მსესხებელი პირი არის სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკი, მის მიმართ არსებული რისკის პოზიცია, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 15%-ს. ამასთან, რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, გარდა ამავე ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა, სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს“, - ნათქვამია დებულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები