"სტემსქეილის" მთავარი ფინანსური და საოპერაციო ოფიცერი, ტიტე ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალურ ბანკზე გაზრდილი სამთავრობო გავლენა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის ნეგატიური გზავნილია, რაც, შესაძლოა, გრძელ ვადაში უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე - ამის შესახებ ტიტე ჯინჭარაძემ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენი ცენტრალური ბანკის წინა მმართველმა რამდენჯერმე მიიღო საუკეთესო ბანკირის წოდება, ჩვენი ბანკი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოს მასშტაბით. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ის ახორციელებდა დამოუკიდებელ პოლიტიკას და მთავრობის გავლენა ნამდვილად ნაკლები იყო ეროვნულ ბანკზე. სამწუხაროდ, ცოტათი შეიცვალა ამ ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება. პირდაპირი განცხადებები გაკეთდა მთავრობის ხელმძღვანელებისგან, რომ სები არის პასუხისმგებელი ფასებზე, მონეტარულ პოლიტიკაზე და ამიტომ თანამშრომლობა უნდა შედგეს სებ-სა და მთავრობას შორის.
ეს ძალიან ცუდი სიგნალი იყო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისათვის, ფაქტობრივად, აღქმული იქნა, როგორც ცენტრალური ბანკის მთავრობაზე დამოკიდებულების მეტ-ნაკლებად ზრდად. სამწუხაროდ, არის მსოფლიოში ისეთი მაგალითები, როცა მთავრობა ცდილობს, ცენტრალურ ბანკზე დიდი გავლენა ჰქონდეს და ეს ნეგატიურ შედეგებს იძლევა გრძელვადიან პერიოდში, ამისთვის თურქეთის მაგალითიც გამოდგება, ერდოღანის მთავრობა ეცადა ამას და იცით, ლირას რა მოუვიდა", - აღნიშნავს ტიტე ჯინჭარაძე.
ტიტე ჯინჭარაძე ასევე აღნიშნავს, რომ ცენტრალურ ბანკზე სამთავრობო გავლენის ზრდა კომერციული ბანკების ოპერირებაზეც უარყოფითად აისახება: "როცა სები მთავრობაზეა დამოკიდებული, მაშინ დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკას ვერ ახორციელებს, ვერ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფინანსური ინსტიტუტებისთვის იქნება სასარგებლო, და ითვალიწინებს მთავრობის ინტერესებს, ეს ყველა დონეზე ახდენს ნეგატიურ გავლენას".