აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამოძიებას დაიწყებს, – ამის შესახებ სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, გარი პიტერსმა განაცხადა.
იგი იმედს გამოთქვამს, პროცესი სწრაფად წარიმართება და მოსმენები მიმდინარე თვეში დაიწყება.
„ვაპირებთ, ჩავატაროთ ორპარტიული გამოძიება შიდა უსაფრთხოების კომიტეტის მხრიდან, რათა გადავხედოთ მომხდარ მოვლენებს და დავადგინოთ, იყო თუ არა უსაფრთხოების კუთხით დარღვევები. ვეცდებით, პროცესები დავაჩქაროთ. ახლა ჩვენ ვითხოვთ დეტალურ ბრიფინგს კომიტეტის წევრებისთვის. ჩვენ ასევე გვექნება მოსმენა და ვეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ.
თუ გახსოვთ, 6 იანვრის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ უსაფრთხოების კუთხით ხარვეზების თაობაზე ყოვლისმომცველი გამოძიება, რის შემდეგაც ჩვენ გვქონდა არაერთი რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს ახლა ვიყენებთ პრაქტიკაში აქ, კაპიტოლიუმში“, – აღნიშნა პიტერსმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.