BMG გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრის ნიკა ალავიძის ბლოგს.
SEPA (Single Euro Payments Area) ერთიანი ევრო გადახდების სივრცე, სადაც ევროს გადარიცხვები შიდა გადახდების მსგავსად ხორციელდება, სწრაფად, იაფად და სტანდარტიზებულად. სისტემა მოიცავს ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, სულ 41 ქვეყანას.
CIPS (Cross-Border Interbank Payment System). ჩინეთის საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც მხოლოდ ჩინურ იუანში გამოიყენება (CNY), და რომელიც მხოლოდ ჩინეთთან ვაჭრობას ემსახურება.
მთავარი (არარიტორიკული) კითხვა:
რატომ ვხარჯავთ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რესურსს ჩინური გადახდების სისტემასთან (CIPS) ინტეგრაციაზე, მაშინ როდესაც ქვეყანა ჯერაც არ არის სრულად ინტეგრირებული SEPA სისტემაში?
სისტემა, რომელიც პირდაპირ ეხება მოქალაქეების ყოველდღიურ გადახდებს, ბიზნესს და საქართველოს ეკონომიკის ეფექტიანობას?
ეკონომიკური რეალობა რიცხვებში (2024)
საქართველოს საგარეო ვაჭრობა — დაახლოებით 23.4 მლრდ აშშ დოლარი
ჩინეთთან ვაჭრობა: $1.9 მილირადი (მთლიანი საერთაშორისო ვაჭრობიდან 8%), საიდანაც ლომის წილია იმპორტი
ევროკავშირი + ევრო/დოლარში დენომინირებული პარტნიორები
(ევროპის და ევროკავშირის ზონა) — 45%+
ნომინალური მშპ — $33.8 მილიარდი
რემიტენსები: 9.9% GDP ($3.3 მილიარდი),
EU-ის წილი რემიტენსებში: 45% + (იტალია, გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები)
თუნდაც ამ მცირე მონაცემებით, აშკარად ჩანს ფინანსური გრავიტაცია საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების “ეგზისტენციალური” გარემოში — ევრო/დოლარის სივრცე და არა ჩინური იუანი.
ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ეროვნული ბანკი პრიორიტეტულად SEPA სისტემაზე უნდა მუშაობდეს, და ამ პროცესს აქტიურად ალობირებედეს საბანკო სექტორი და შესაბამისად ასევე მსხვილი და SME ბიზნესიც. (ბოლო ნაწილი უკვე რიტორიკული კითხვაა).
და მაინც, რატომ ავიჩემე ეს SEPA?
რა პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ აბრევიატურას?
გთავაზობთ მცირე მოდელირების მცდელობას, კონსერვატიული მიდგომით (შეგიძლიათ ეს ექსპერიმენტი უსაფრთხოდ გაიმეოროთ, საკუთარ სახლში, აუდიტორიებში, ოფისებში ან “კაბინეტებში”)
ეფექტი რიგით მოქალაქეებზე, რემიტენსები (ანუ უცხოეთიდან სტაბილურად ჩარიცხული თანხები)
EU-დან შემოსული რემიტენსები — 1.5 + მლრდ აშშ დოლარი (ეკვივალენტი)
SEPA-ს პირობებში, ევროკავშირიდან საქართველოში ფულის ჩარიცხვა შესაძლოა საშუალოდ 1.5%-ით გაიაფდეს (შემცირებული საბანკო საკომისიო, შემცირებული საშუამავლო ხარჯი, დრო და ა.შ.)
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან წელიწადში საქართველოში შემოსული $1.5 მილიარდიდან, საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახები ყოველწლიურად დაახლოებით $22–23 მილიონით ნაკლებს გადაიხდიან საკომისიოებსა და ფარულ საბანკო ხარჯებში, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის დამატებითი დოვლათია.
ანუ ეკონომიკის დამატებითი პირდაპირი სარგებელი, და მოქალაქეების პირდაპირი დანაზოგი, $22–23 მილიონის ფარგლებში შეიძლება “გაჩნდეს”.
შესაძლო ეფექტი ბიზნესზე (SME + მსხვილი კომპანიები)
SEPA ზონაში გადახდები დაახლოებით მთლიანი იმპორტისთვის ანგარიშსწორების 40%-ია; ანუ დაახლოებით $9.4 მილიარდს 2024 წელს ($23,4 მილიარდიდან)
ხარჯის სავარაუდო შემცირება — 0.20% (უხეში, თუმცა დასაბუთებული და ძალიან კონსერვატიული დაშვება)
ეს ბიზნესისთვის იქნებოდა წლიურად თითქმის $19 მილიონის მოცულობის დანაზოგი (ან დამატებით საბრუნავ კაპიტალი).
ჯამური დამატებითი პირდაპირი ეფექტი
SEPA სისტემაში ინტეგრირება, კონსერვატიული გათვლებით ნიშნავს $40–45 მილიონის მყისიერ შემოსავალს/დანაზოგს ქვეყნის ეკონომიკისათვის, რაც გამოიხატება ნაკლებ ბიუროკრატიასა და დროით დანაკარგში, ნაკლებ და არასაჭირო საკომისიოში, ნაკლებ საშუამავლო ხარჯებში, რისი მოცილებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოა “ჭარბი წონის მოცილებისავით”, რაც გააჩენს მეტ ლიკვიდურობას ეკონომიკაში.
ეს არ არის თეორიული დაშვება და “თეორიული მოგება”, ესაა რეალურ არგუმენტებზე და რეალურ ფაქტობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული მსჯელობა (იხ. წყაროები ქვემოთ), რაც საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კომპანიების პატიოსანი და მძიმე შრომით მოპოვებული დოვლათის გაზრდა და შესაბამისი დანაზოგის გაკეთების დამატებითი საშუალებაა.
რას მიიღებენ ბანკები?
მოკლევადიანი ეფექტით შემცირებულ საკომისიო შემოსავლებს საერთაშორისო ტრანზაქციებზე, რაც მათთვის არა შემცირებული საკომისიო შემოსავალი, არამედ მომსახურების შემცირებული თვიღირებულება. ასევე გაუმჯობესებული კონკურენტული გარემო, მეტი გამჭვირვალობა და პარტნიორების გაზრდილი ნდობა, რაც საშუალო და გრძელ ვადაში დადასტურებული მოგება და მზარდი ბაზრის საწინდარია.
საშუალო და გრძელვადიანი ჭრილში, მივიღებთ ტრანზაქციების გაზრდილ მოცულობას, გაზრდილ SME აქტიურობას; იმპორტზე ძლიერ დამოკიდებული ქართული ეკონომიკის ეფექტურ და ხელშესახებ სავალუტო რისკების მართვის შესაძლებლობას, SME და მიკრო ზომის კომპანიებისათვის გაუმჯობესებული საბრუნავი კაპიტალის მართვის შესაძლებლობას; შესაბამისად მეტ შემოსავალს, მეტ ნდობას და მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ეფექტურ საკორესპოდენტო ანგარიშს.
SEPA ბანკებისთვის გაცილებით მეტი და მყისიერი დადებითი შედეგის მომტანია, ხოლო ეკონომიკისთვის, მკაფიოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
ნებისმიერი პროგრესული ქვეყნის, პასუხისმგებლობიანი მმართველი ინსტიტუტი, მსხვილი და საშუალო ბიზნესი და შესაბამისად საბანკო სექტორი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, ამ სისტემასთან მაქსიმალურად მალე დაახლეოებისათვის, მათზე დამოკიდებული პასუხისმგებლობიანი მონაწილეობით პროცესში.
CIPS - შეზღუდული ეფექტი და გაზრდილი რისკები, ანუ რაში იცვლება პროგრესი და ქვეყნის მომავალი
მნიშვნელოვანი განცხადება — CIPS სისტემაში ჩართვა სასიამოვნო მოვლენა იქნებოდა, თუმცა არც პრიორიტეტული და არც აუცილებელი. ჩვენი ეკონომიკისათვის ამ პროცესის დაჩქარება არანაირად არაა პრიორიტეტული, თუმცა ამ სისტემაზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს და სასურველია პროცესი ზედმეტი და ძალისხმევის გარეშე ფრთხილად გაგრძელდეს. აღშფოთების საბაბი არის ის ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც ეს საკითხი მთავარ პრიორიტეტადაა წარმოდგენილი.
ანუ CIPS სისტემა გამიზნულია მოემსახუროს:
ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის დაახლოებით 8%-ს (იმპორტის ლომის წილი და ექსპორტის უმნიშვნელო მოცულობა, ჩინეთიდან)
მოემსახუროს მხოლოდ იმპორტიორთა ვიწრო ჯგუფს
უმნიშვნელო მაკროეკონომიკური ეფექტი
მნიშვნელოვნად გაზრდილი AML / სანქციების / რეპუტაციული რისკები
არანაირი სარგებელი და ეფექტი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალთან და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდასთან, SEPA სისტემასთან შედარებით.
როგორც აღვნიშნე, CIPS შეიძლება იყოს დამატებითი ინსტრუმენტი, მაგრამ არა სტრატეგიული პრიორიტეტი, რომელზედაც ასეთი დაჩქარებული პროცესები და სებ-ის ამხელა რესურსის გამოყოფაა საჭირო.
SEPA შესაძლებლობები რომელიც ევროკავშირს სცილდება.
დიახ, სისტემაში ევროპის არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან ჩართული, ვინც საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია: გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტაინი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
ესაა ტექნიკური და რეგულატორული შესაბამისობის გამართული და ეფექტიანი ჩარჩო, გამჭვირვალე თამაშის წესებით და არა პოლიტიკური პრივილეგიებით. ანუ, “არაფერი პირადული, მხოლოდ საქმე”, გამჭვირვალე, პატიოსანი და პასუხისმგებლობიანი მიდგომით.
ყველაზე ხმაურიანი დუმილი
მაშინ როდესაც ჩინეთთან ნებისმიერი შეხვედრა საჯაროდ დიდ „წარმატებად“ საღდება და “რეცეპტის გარეშე” მოგვეწოდება, SEPA სისტემასთან მიმართებით არანაირი კომუნიკაცია არ ისმის. შესაძლოა პროცესები ჩუმად და “თავმდაბლურად” მიმდინარეობს, თუმცა ეს ის შემთხვევა არაა რაც ამ დროსაა საჭირო. თუ ასეთი მოლაპარაკება საერთოდ მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და ამ პროცესში ჯეროვნად იყოს ჩართული შესაბამისი ინსტიტუტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.
კომერციული ბანკების გარეშე SEPA ვერ იმუშავებს. შესაბამისად, მათი სიჩუმე და საჯარო პოზიციის არქონა ასევე უხერხულობაა, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავნი, ამ ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეები, ვინც ვიხდით გადასახადებს და საბანკო საკომისიოებს და ვცდილობთ ბორდიულებზე გადაადგილებას, დიდად დავაფასებდით ამ თემაზე უკუკავშირს.
ეს ხომ ტროტუარზე გამოწერილი ჯარიმების დაგმობა, ან მომწამლავი გაზის გამოყენების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის მხარდაჭერა არაა? აქ ხომ “სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია”, არავის და არაფრის დაგმობას არ ვითხოვთ…
თუმცა გვესმის, რომ საქართველოსთვის SEPA არ არის სიმბოლური მოცემულობა და სადღეგრძელოში ჩაქსოვილი არჩევანი.
ეს არის მოქალაქეების რეალური შემოსავალი, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა, მათ შორის საბანკო სექტორის დამატებითი სტაბილურობის და ეფექტიანობის გარანტი, ქვეყნის ჯანსაღი და სტაბილური ინტეგრაცია დასავლურ ფინანსურ და საგადახდო სისტემასთან.
ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, SEPA-ს ძალუძს დაახლოებით $40 მილიონი წლიური სარგებლის მოტანა პირდაპირ, ქვეყნის ეკონომიკაში (2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით).
შესაბამისად კითხვა მარტივია:
რატომ არ არის ეს მთავარი პრიორიტეტი?
SEPA ხომ პრაქტიკაში გამოცდილი, შედეგზე ორიენტირებული ეფექტური სისტემაა, რომელმაც ჩართულ ქვეყნებში შეამცირა ხარჯები, გააძლიერა ბიზნესი და გაზარდა ფინანსური სისტემების ნდობა და სტაბილურობა, ევროკავშირის წევრობისგან დამოუკიდებლად. ესაა ის სისტემა და გარემო რაც გვჭირდება.
ფული მოძრაობს იქ, სადაც არის მაღალი ნდობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა.
სასარგებლო საკითხავი
(ვისაც არ დაეზაერება ექსპერიმენტის სახლში გამეორებისათვის)
European Central Bank (ECB), SEPA overview & impact
https://www.ecb.europa.eu/paym/integration/retail/sepa/html/index.en.html
European Commission. SEPA and retail payments integration
https://finance.ec.europa.eu/consumer-finance-and-payments/payment-services/sepa_en
World Bank, Reducing the Cost of Remittances & Payment Integration
https://www.worldbank.org/en/topic/financialinclusion/brief/reducing-remittance-costs
World Bank, Retail Payments: Economic Benefits of Integration (PDF)
https://documents.worldbank.org/en/publication/documents-reports/documentdetail/177301468155375572
Bank for International Settlements (BIS), Reducing the cost of cross-border payments
https://www.bis.org/cpmi/publ/d197.htm
United Kingdom, Continued participation in SEPA (post-Brexit) https://www.pay.uk/what-we-do/sepa
Switzerland & SEPA participation
https://www.six-group.com/en/products-services/banking-services/sepa.html
Western Balkans, SEPA integration and payment reforms (World Bank / EBRD)
https://www.worldbank.org/en/region/eca/publication/western-balkans-payment-systems
People’s Bank of China, CIPS official website
https://www.cips.com.cn/en
BIS, RMB internationalization & payment systems
https://www.bis.org/publ/qtrpdf/r_qt2209h.htm
https://nbg.gov.ge/media/press-releases
https://nbg.gov.ge/en/page/international-relations
https://www.imf.org/en/Countries/GEO
https://www.worldbank.org/en/country/georgia
https://bm.ge/news/natia-turnava-chinetis-saertashoriso-sagadakhdo-sistema-cips-is-prezidents-shekhvda



























