საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სექტემბრის Bmatch პლატფორმის მეშვეობით სექტემბრის განმავლობაში 106.5 მილიონი დოლარი გაყიდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სებ-ი ამ გზით სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ სტატისტიკას თითქმის ერთთვიანი დაგვიანებით აქვეყნებს, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია რა იყო 1-28 ოქტომბრის განმავლობაში სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. თუმცა ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ ოთხი სავალუტო ინტერვენციის მეშვეობით 213 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც მთლიანად 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული ინტერვენციების მოცულობაზე მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს სწორედ ამ ორი მექანიზმით ახორციელებს, ესენია სავალუტო ინტერვენციები დოლარის (ყიდვა/გაყიდვა) და Bmatch პლატფორმით დოლარის ყიდვა/გაყიდვა. თუმცა, თუკი სავალუტო ინტერვენციის ჩატარების იმავე დღეს ქვეყნდება ინფორმაცია ამ ინტერვენციაზე, bmatch პლატფორმით განხორციელებული ტრანზაქციების სტატისტიკა სებ-ის მიერ მხოლოდ თვიურ ჭრილში, თვის დასრულებიდან 25 რიცხვის შემდეგ ქვეყნდება.
შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია თუ რა იყო Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციები ოქტომბერში. თუმცა აღნიშნულის შესახებ მიახლოებითი ინფორმაცია ცნობილი გახდება ოქტომბრის სავალუტო რეზერვების სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, რაც სებ-ის მიერ 7 ნოემბერს არის დაგეგმილი. აღნიშნულით გახდება ცნობილი თუ რამდენი მილიონი დოლარით შემცირდება საქართველოს სავალუტო რეზერვები.
სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.72 მილიარდ დოლარამდე იყო შემცირებული, რაც წლიურ ჭრილში 561 მილიონიან შემცირებას წარმოადგენდა. მას შემდეგ სებ-მა 213 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო ინტერვენციების გზით, შესაბამისად, მხოლოდ ამ არხიდან საქართველოს რეზერვები 213 მილიონით შემცირდა, რასაც ემატება Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციები თუმცა ამ უკანასკნელის მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.
მთლიანობაში 2024 წელს სებ-მა სავალუტო აუქციონებით გაყიდა 382 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით იანვარ-სექტემბერში იყიდა 329 მილიონი დოლარი და გაყიდა 157.5 მილიონი დოლარი.