"რა თქმა უნდა, პატარა დისკომფორტი არის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საუბარი არაა იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი საერთოდ ვერ შევა ევროკავშირში. მისი განმარტებით, შესაბამისი პირები სავიზო განაცხადს შეიტანენ და ასე შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში შესვლას.
"მე როგორ უნდა გავიგო, გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული, ჯერ თვითონაც არ იციან, სწორედ ამიტომ, საკითხი დასამუშავებლად გადაეცა შესაბამის სტრუქტურებს და გავიგებთ მაშინ, როდესაც დაამუშავებენ.
საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იქნეს შემოღებული დიპლომატიური პასპორტზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტით, იმას ნიშნავს, რომ ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე, ჩაგირტყამენ და შემდეგ წახვალ. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტით საერთოდ ვერ შეხვალ ევროპაში.
შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჩვეულებრივი პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი და შეიძლება ორივესთან მიმართებით მოუწიოს სავიზო განაცხადის შეტანა. შეიტანს განაცხადს, ჩაურტყამენ და წავა ევროპულ ქვეყანაში", - თქვა კობახიძემ, რომელიც თავად გადაწყვეტილებას სიმბოლურს უწოდებს.
ცნობისთვის, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენლმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შედგა შეთანხმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და ევროკომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს.