"ოცნების" ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სპარსეთის ყურე საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ამის შესახებ მან დუბაიში ვიზიტისას განაცხადა, სადაც "ოცნების" მთავრობის დელეგაცია მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს.
"ტურისტული კავშირების გაღრმავების მიმართულებით ძალიან სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომელიც ვფიქრობ, შედეგს გამოიღებს და ტურისტული ნაკადი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2025 წელს საქართველოში გაიზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გეგმებით, მიმდინარე წელს პირველად სამიზნე ბაზრებს შორის არის არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, "სამიტის პარალელურად უამრავი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მთავრობის ხელმძღვანელებთან".
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მიზნით ეს ვიზიტი, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ამ ქვეყანასთან გაგვაჩნია, ასევე დაგეგმილ და პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად განვავითარებთ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ქვეყანაში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება როგორც უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებები", - განაცხადა დავითაშვილმა.




























