მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შევა თუ არა ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების კანონპროექტი პარლამენტში წლის ბოლომდე?

61b73143db4a4
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.21 16:00
463
"ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 29 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა.

დღეს კი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბუნიამ bm.ge-ს კითხვაზე - როდის შევა კანონპროექტი პარლამენტში, თქვა, რომ რადგან საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, კანონპროექტის ინიცირებას გარკვეული დრო დასჭირდება და ინიცირების ვადებს ჯანდაცვის კომიტეტი გადაწყვეტს.

„ბოლო პერიოდში კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა იმის თაობაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების გარდა ისეთი მექანიზმების გააქტიურება, როგორიცაა გაიდლაინები, რაციონალური წამალდანიშვნის ხელშეწყობა, ელექტრონული რეცეპტი, რათა სისტემა მეტად გამჭვირვალე იყოს, ასევე ექიმებთან თანამშრომლობა, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის თავიდან აცილება და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს მსოფლიო გამოცდილება სხვა მარეგულირებელი გზების, რაც ხარისხიან მედიკამენტზე ფინანსური გაუმჯობესების საშუალებას იძლევა;

ამდენად, რადგან საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, კანონპროექტის ინიცირებას გარკვეული დრო დასჭირდება და ინიცირების ვადებს ჯანდაცვის კომიტეტი გადაწყვეტს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

აღსანიშნია, რომ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების თემაზე გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.  „ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ეს ხედვა, თქვენგან მოვისმინო რეკომენდაციები, თქვენი აზრი და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. რაც მთავარია, მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის”, - აღნიშნა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის: გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მინისტრის მოვალეობას დეკემბრის ბოლომდე შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები