2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით 1625 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, ამასთან, 105 საქმეზე პოლიტიკური ან სხვა შეხედულების დისკრიმინაციის ნიშნით, 43 საქმეზე - რასობრივი დისკრიმინაციის, 22 საქმეზე - შეზღუდული შესაძლებლობის დისკრიმინაციის ნიშნით, 15 - რელიგიური, 11 - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე, 3 საქმეზე კი ასაკობრივ დისკრიმინაციაზე. გარდა ამისა, იყო საქმეები, სადაც რამდენიმე ნიშნით დისკრიმინაცია იკვეთებოდა.
ეს მონაცემები საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიან ანგარიშშია მოცემული.
ამის პარალელურად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის მანძილზე დისკრიმინაციის ნიშნების გამო 115 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის: გენდერული დისკრიმინაციის საქმეზე - 107, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო დისკრიმინაციის საქმეზე - 2, სექსუალური დისკრიმინაციის - 2, რელიგიური - 2, ეროვნული კუთვნილების - 1 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ დისკრიმინაციის ნიშნით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევებს, 2024 წელს სტატისტიკა შემდეგი იყო: გენდერულ დისკრიმინაციაზე - 1185 საქმე, გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციაზე - 5, სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციაზე - 6, ასაკობრივ დისკრიმინაციაზე - 3, შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაციაზე - 10, რასობრივზე - 7, რელიგიურზე - 6 და პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებებზე 1 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ცნობისთვის, "ოცნება" კანონიდან ტერმინ „გენდერს“ იღებს, „გენდერულ თანასწორობას“ კი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“ ცვლის. შესაბამისი ცვლილება გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შედის. ცვლილებების პროექტში "გენდერი" ხელოვნურად შექმნის ტერმინადაა მოხსენიებული და უცხოურ გავლენებზეა საუბარი.