"სისხლის ბანკების" ა(ა)იპ-ებად დარეგისტრირების ვალდებულება კიდევ ერთხელ, 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადავადდება.
საქმე ის არის, რომ პარლამენტმა გაზაფხულზე განიხილა და მიიღო „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი და მხარი დაუჭირა.
კანონში ცვლილება სისხლის გადასხმის დაწესებულების, ან სისხლის ბანკის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირების კანონით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივებას ეხება.
კანონის მოქმედი რედაქციის გარდამავალი დებულების თანახმად, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად ფუნქციონირებს, ვალდებულია 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე დარეგისტრირდეს მოქმედი კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ცვლილების თანახმად კი, აღნიშნული ვადა 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე ხდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, დღეისათვის ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს მხოლოდ 8. აღნიშნული დაწესებულებების მიერ უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება საშუალოდ 95 000 დონაცია, საიდანაც მზადდება 215 000- მდე სისხლის კომპონენტი, რაც სრულად ფარავს ქვეყნის საჭიროებას სისხლსა და სისხლის კომპონენტებზე.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, დიმიტრი ხუნდაძე და ზაალ მიქელაძე.
საკითხი დღეს ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა, მოგვიანებით კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.