მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიტუაციის განმუხტვამდე, ალბათ დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება - კეპულაძე

კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის შეფასებით, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა ბიზნესსა და მოსახლეობაში გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ რომ 2024 წლის IV კვარტალში 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში დაკონვერტირდა. შედეგად, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ამ პერიოდში დეპოზიტების დოლარიზაცია 49%-დან 53%-მდე გაიზარდა.

როგორც გიორგი კეპულაძემ BMG-ის განუცხადა, დიდი მოცულობის დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანა იმაზე მიუთითებს, რომ ბაზრის მონაწილეები შექმნილ არასტაბილურ ვითარებაში ეროვნულ ვალუტას ნაკლებად ენდობიან და დანაზოგის განთავსება უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ.

მისი თქმით, თუკი არსებული გაურკვეველი ვითარება შენარჩუნდება, მოსალოდნელია, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის ტენდენცია გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ლარის კურსისთვის დადებითი არ იქნება.

„არჩევნებამდეც დაახლოებით მილიარდი ლარის დეპოზიტები იყო გადატანილი უცხოურ ვალუტაში, ეს ტენდენცია მეოთხე კვარტალშიც გაგრძელდა და 2 მლრდ ლარის ანაბრები და მიმდინარე ანგარიშები გადავიდა უცხოურ ვალუტაში. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 700-800 მლნ დოლარი შეიძინა ბიზნესმა და მოსახლეობამ. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ გარკვეული კრიზისია მოსალოდნელი. ბაზარი, ბიზნესი ელოდება, რომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს კრიზისი, შესაბამისად. მათთვის ამ პერიოდში უფრო სანდრო ვალუტა დოლარია და როგორც წესი, ისინი კრიზისების დროს, ნაკლებად ენდობიან ხოლმე ლარს.

დიდი ალბათობით, ლარის მერყეობაზე ისეთ ფაქტორებს ჰქონდა გავლენა როგორიცაა სწორედ ლარიდან დოლარში დეპოზიტების გადატანა და სავალუტო შემოსულობების შემცირება, რადგან ამ დროს დოლარზე მოთხოვნა იზრდება.

ვიდრე პოლიტიკური სიტუაცია არ განიმუხტება, ალბათ დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, რადგან როდესაც კრიზისის, უარყოფითი მოლოდინი აქვს ბაზარს, მას ნაკლები ნდომა აქვს ლარის მიმართ“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები