მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოხუმი გამოაცხადეს თბილისის რაიონად"|რატომ არ უნდა შეეხოს სოხუმის უნივერსიტეტს "1 ქალაქი - 1 ფაკულტეტის“ პრინციპი?

ზურაბ პაპასქირი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უვადოდ არჩეული პროფესორის, ისტორიკოს ზურაბ პაპასქირის შეფასებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწირება ე.წ. „ერთი ქალაქი - ერთი უნივერსიტეტის“ აკვიატებულ პროექტს და მას, ფაქტობრივად, დახურვისკენ მიაქანებენ“.

ასე ეხმაურება „ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმას ისტორიკოსი და მიიჩნევს, რომ „ფაქტობრივად, დაიწყო დევნილი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი“.

„ასე გამოდის, ქალაქი სოხუმი გამოაცხადეს თბილისის ერთ-ერთ რაიონად. ეს ხომ აბსურდია?! დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ის სტატუსი, რაც აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს - ეს არის 2x2=4, იმიტომ რომ ბათუმის უნივერსიტეტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი უმაღლესი სასწავლებელი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, კონსტიტუციაში აღიარებული ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი უმაღლესი სასწავლებელი დევნილობაში... აზრი არ აქვს ჩვენს არსებობას, თუ ხვალ და ზეგ ჩვენ არ ვაპირებთ სოხუმში დაბრუნებას, ხომ? აი, ამ იმედით ვართ. ახლა, შეიძლება ვიღაცამ დამცინოს ამაზე, ეგ სხვა საკითხია. მაგრამ თუ ჩვენ ეს განწყობა არ გვექნა, თუ ჩვენ ეს ოპტიმიზმი არ გვექნა, ესე იგი, რა აზრი აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობას?!. ამათ [ხელისუფლებამ] ვერ გაითავისა, რომ აფხაზეთი საქართველოა! სოხუმი საქართველოა! ვერა, ვერაფრით ვერ ესმით ეს!“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა.

ზურაბ შიშობს, რომ ეს რეფორმა არის გამოძახილი იმ „თეზისისა“, რომ აფხაზეთი უნდა „მოიკვეთოს“ ან მისი იდენტობა ნელ-ნელა წაიშალოს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

საქმე ის არის, რომ რომ „ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს, საბაკალავრო პროგრამებზე 380 სტუდენტის მიღებას შეძლებს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ ნაკლებია გასული წლის მონაცემზე, როდესაც მისაღებ სტუდენტთა კვოტა 1 027-ს შეადგენდა. სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება განპირობებულია ე.წ. „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით. აღნიშნული მიდგომით, სოხუმის უნივერსიტეტი აკადემიურ საქმიანობას მხოლოდ სამი მიმართულებით გააგრძელებს: ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა და აგრარული სპეციალობები. საყურადღებოა, რომ აგრარული სპეციალობა სოხუმის უნივერსიტეტს ამ დრომდე არ ჰქონია, რაც დასტურდება როგორც სასწავლებლის ვებგვერდით, ისე დარგის სპეციალისტების შეფასებებით. ამჟამად, სოხუმის უნივერსიტეტი ხუთ ფაკლუტეტზე იღებს სტუდენტებს. ესენია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი; მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი; ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ზურაბ პაპასქირის შეფასებით, უმაღლესი განათლების რეფორმის სახელით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, არა მხოლოდ აკადემიური გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური შეცდომაა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დევნილი უნივერსიტეტის იდენტობასა და საერთოდ, აფხაზეთის სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში.

პროფესორის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნივერსიტეტის პროფილის მკვეთრი შეზღუდვა და მისი „მილევად რეჟიმში“ გადაყვანაა.

„განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ უნივერსიტეტის კოლექტივი მოატყუა, როდესაც არსებული სპეციალობების შენარჩუნებას ჰპირდებოდა. რეალობა კი სრულიად სხვაგვარია: 2025 წლიდან არცერთ მოქმედ პროგრამაზე სტუდენტების მიღება აღარ იგეგმება. მორჩა. რაღაც კომპენსაცია მივიღეთ, ვის რაში სჭირდებოდა აგროსეგმენტი?! აგრარული სპეციალობა ჩვენი არ არის - ვიღაც გამზადებული [მიმართულებით] მოდის ჩვენთან და ჩვენს სახელს იღებს. აი, რაში მჭირდება მე ასეთი ხელოვნურად შექმნილი უმაღლესი სასწავლებელი?!“, - კითხვას სვამს პროფესორი.

ის ხაზს უსვამს, რომ სოხუმის უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ფაკულტეტების ჩამორთმევა და მათი სხვა სასწავლებლებში გადატანა უნივერსიტეტს „უსახურ რამედ“ აქცევს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას აპირებს ის სხვა პროფესორებთან ერთად, ზურაბ პაპასქირმა თქვა, რომ მან საკუთარი პროტესტი და ხედვები წერილობით გაუგზავნა ყველას - რექტორის ჩათვლით, აკადემიური საბჭოს წევრებსა და კოლეგებს.

„ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამით ეჭვის ქვეშ დგება სოხუმის, როგორც საქართველოს ქალაქის (და არა თბილისის ნაწილის) იდენტობა. თუ ამ ვაჟბატონებისთვის უკვე არც სოხუმი და არც აფხაზეთია საქართველო?! მაშინ იქნებ არა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თვითონ ირჩენდა თავს და სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხა შეჰქონდა), არამედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სახელისუფლებო სტუქტურების (მათი ფუნქციონირება თბილისში ხომ მხოლოდ პოლიტიკური მიზაშეწონილობითაა განპირობებული) ლიკვიდაციით დაიწყონ. ან სულაც, კონსტიტუციიდანაც ამოიღონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სტატუსი და შემდეგ შეუდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განულებას", - აცხადებდა ზურაბ პაპასქირი საჯარო მიმართვაში.

[ფაკულტეტები] არ უქმდება, მილევად რეჟიმში გადადის... რა დარჩ(ებ)ა სოხუმის უნივერსიტეტისგან| ინტერვიუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ თეა ჯუღელთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები