ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრი აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო ნომრის მინიჭების საკითხი მოგვარებულია, თუმცა დასძენს, რომ სამუშაოები გრძელდება.
"ფაქტობრივად, [აეროპორტის] განახლების სურვილი ყოველთვის არსებობდა, თუმცა საერთაშორისო წესები არსებობს. ამ შემთხვევაში საუბარია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე (ICAO), რომელიც თითოეულ აეროპორტს საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს. ჩვენი აეროპორტი ადრე დარეგისტრირებული იყო, როგორც საქართველო. ამის გამო რუსულმა კომპანიებმა სოხუმში ფრენები ვერ შეძლეს. დღეს პრობლემა მოგვარებულია. ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა თეიმურაზ ხიშბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ივლისში განაცხადა, რომ სოხუმსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქს შორის ფრენები 2024 წლის ბოლოდან დაიწყება. სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ბჟანიამ თქვა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შემდეგ, ავიარეისები მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან და ნოვოსიბირსკიდან შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს.