კახეთის რეგიონში რთველის სუბსიდირების არსებულმა სქემამ სპირტის ბაზარზე სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანიის" პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. დარგის წარმომადგენლების ინფორმაციით, ბევრი კომპანია გამოეთიშა პროცესებს, მათ შორის დიდი ზომის ქარხნებიც, რადგან სახელმწიფო კომპანიასთან კონკურენციის გაწევა უჭირთ.
რეალობა აჩვენებს, რომ მოსავლის მართვის კომპანიას შეუძლია ბაზარზე არსებული ე.წ ჭარბი ყურძენი სრულად შეიძინოს, მიღებული სასპირტე მასალა კი თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც კი გაყიდოს, რისი მაგალითები მრავლად არსებობს.
წინა წლების მსგავსად, წელსაც სასპირტე მასალის მთავარი შემსყიდველი ბაზარზე სახელმწიფო კომპანია იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო კომპანიები სახელმწიფოსგან წელს სუბსიდიას ვერ იღებენ, კერძო სექტორის შეფასებით, ფაქტობრივად ჭარბ ყურძენს ძირითადად "მოსავლის მართვის კომპანია" ყიდულობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის თქმით, წელს ყურძენზე ფასი გაიზარდა ღვინის კომპანიებისთვისაც, თუმცა ეს გაცილებით ხელშესახები სწორედ სპირტის მწარმოებლებისთვის იქნება.
“წელს იგივე მოხდება, რაც წინა წლებში იყო. უბრალოდ, ის კომპანიები, რომლებიც სასპირტედ ყიდულობდნენ ყურძენს, ცოტა უფრო ძვირად იყიდიან, ანუ გაუძვირდებათ ნედლეული.
ღვინოში ეს პატარა ფასის მატება, რაც წელს მოხდება, არ არის ისეთი დრამატული, თუმცა სპირტის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იქ ძალიან პატარაა მარჟა და სპირტის მწარმოებელ კომპანიებს არ ექნებათ კარგი წელი.
მეორეს მხრივ ის, რომ სახელმწიფო წელსაც იქნება ძირითადი მოთამაშე, ყველაზე ბევრ ყურძენს შეისყიდის და ყველაზე ბევრი სპირტი ექნება, თუმცა როგორც წინა წლებში ამ სპირტს წელსაც გარკვეული კომპანიები იყიდიან”,-აცხადებს სამანიშვილი და იმ სქემაზე საუბრობს, როგორ ახდენს სახელმწიფო კომპანია ღვინისა და საბრენდე სპირტის რეალიზაციას.
“სახელმწიფო არ არის ღვინის მწარმოებელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია წლებია აქვს, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ რთველის პერიოდში ჭარბი ყურძენი გაიტანოს ბაზრიდან, ის არ არის მოთამაშე, ის წესით ბოთლებში არ ასხამს და ღვინოს არ ყიდის, არც სპირტიან სასმელს არ აწარმოებს, ეს არის მხოლოდ გამონაკლისის სახით, რომ ყოველ წელს ჭარბი ყურძენი იყიდოს. ეს არ არის ბიზნესი, თუმცა პროდუქტი, რაც გადამუშავდება სახელმწიფოს მიერ, სპირტი ან ზოგიერთ შემთხვევაში ღვინო, ბრუნდებოდა ბაზარზე, ანუ ფაქტობრივად ჭარბი კი არ არის, რამდენიმე კომპანია სარგებლობდა იმით, რომ სახელმწიფო ხარჯავს ფულს, ამ პრიდუქტს აწარმოებს და მათ როცა დასჭირდება და თუ დასჭირდება მაშინ იყიდიან და გამოიტანენ ბაზარზე.
ეს ცოტა უკვე არაჯანსაღია, რადგან თუ ჭარბი იყო და გავიდა ბაზრიდან, უკან არ უნდა ბრუნდებოდეს. თუ დაბრუნდა, ჭარბი არ ყოფილა და არა სამართლიანია, რადგან ის კომპანიები, რომლებიც ფულს სესხულობენ და ყიდულობენ მასალას, მათ ეს ძვირი უჯდებათ და ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსგან შეისყიდიან, მათ უფრო იაფი უჯდებათ და ფაქტობრივად არ სჭირდებათ ქეშის გამოტანა, ეს არის ამაში არასწორი, ამიტომ თუ სახელმწიფო შეინარჩუნებს შესყიდვას, ეს მასალა ბაზრიდან უნდა გავიდეს და არ უნდა დაბრუნდეს ისევ ბაზარზე და თუ გაიყიდება, აქ გამჭვირვალობა რთული თემაა, რადგან როცა სახელმწიფო ყიდის ხოლმე სპირტი იქნება თუ ღვინო, აუქციონზე გამოაქვს და როგორც ამბობენ, ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ ხოლმე. ამ დეტალებში არის ხოლმე გაუმართაობა და ამიტომ იქნებოდა კარგი, რომ სახელმწიფო საერთოდ არ იყოს ჩართული ამ პროცესში”,-აცხადებს გიორგი სამანიშვილი.
ის, რომ სახელმწიფო ჩაბარებული ყურძნისგან მიღებულ სასპირტე მასალას თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც კი გაყიდოს, ამის მაგალითები მრავლად არსებობს. მაგალითად, გასულ წელს მოსავლის მართვის კომპანიამ მარაგებში არსებული ღვინო-მასალა, რომელიც 102 მილიონ ლარად იყო შეფასებული, 39 მილიონ ლარამდე ჩამოაფასა. ღირებულების 60%-იანი ვარდნა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სახელმწიფო კომპანიას ბაზარზე მოთხოვნის ნაკლებობის გამო რეალიზაცია უჭირს. არადა, აღნიშნული ჭარბი ყურძნის შეძენაზე ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა იხარჯება. იმისთვის, რომ მოსავლის მართვის კომპანიამ მაგალითად წელს ჭარბი ყურძენი შეიძინოს, რისგანაც შემდეგ ღვინო-მასალას და საკონიაკე სპირტს დაამზადებს, უკვე გამოყოფილია 50 მილიონი ლარი. კომპანია გამარტივებული გზით კიდევ ამდენივეს დამატებას ითხოვს.
შესაბამისად, წელს ბიუჯეტს შესაძლოა მოსავლის მართვის კომპანიის მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვა, მისგან ღვინისა და საკონიაკე სპირტის დამზადება, რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ ისევ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, კონკრეტულ კომპანიებს მიჰყიდის, გადასახადის გადამხდელებს შესაძლოა, 100 მილიონი ლარი დაგვიჯდეს.




























