მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სვანეთი ბიზნესისთვის არამომგებიანია” - ცოტნე ჯაფარიძე

63bd5bd9f03e0
ნინი ლონგურაშვილი
10.01.23 17:02
6098
მესტიაში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო ტურისტებს კარგავენ. ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესშია ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას საჭიროებს.

სვანეთის ბიზნესის გამოწვევებზე BMG “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელს ესაუბრა. ცოტნე ჯაფარიძის თქმით, ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდების გამო, ტურისტებს მესტიაში ვიზიტზე უარს ეუბნებიან, რის გამოც სვანეთი საერთაშორისო ტურისტების ნაკლებობას განიცდის.

ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სვანეთში ინფრასტრუქტურა გაუმართავია, რაც ბიზნესისთვის არამომგებიანია.

"მე პირადად ვიყავი ზამთრის სეზონზე მესტიაში ტურისტებთან ერთად და ვთქვი, რომ იქ მეორედ აღარ ავიყვანდი ტურისტებს. მიზეზი ბევრია, მათ შორის, ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდება, ამის გამო სასტუმროებში არ მუშაობს გათბობა, ამას ემატება რომ საბაგიროები არ არის ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ მესტია თოვლს არ უჩივის. მესტიამდე მისასვლელი გზაც მუდმივად გასაწმენდია, რაც საფრთხეა ჩვენი მგზავრებისთვის.

სვანეთი სამთო-სათხილამურო მიმართულებით ვერასდროს გახდება ბიზნესისთვის მიმზიდველი მანამ, სანამ არ აშენდება ის გვირაბი, რომელიც დაგეგმილი იყო და აერთიანებდა ზემო იმერეთსა და ზემო სვანეთს. ამ გვირაბის არსებობით, ჩვენ საშუალება გვექნებოდა ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ მოვხვედრილიყავით ზემო სვანეთში, ამ გვირაბის პროექტიც გაჩერებულია, როგორც ბევრი სხვა პროექტი ამ ქვეყანაში. შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური ტურისტისთვის, ზუგდიდიდან მესტიაში ასვლა არის ყოვლად შეუძლებელი და ეს ქვეყანას ბევრ ტურისტს და მათ შორის თანხებს აკარგვინებს. ორი დღის დაკარგვა შიდა გადაადგილებისთვის ტურისტისთვის ნიშნავს, რომ უარი თქვას მესტიაში ასვლაზე", - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

აღსანიშნავია, რომ ჯაფარიძე ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტზე საუბრობს. აღნიშნულზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, რომ საბოლოო ვარიანტი მთავრობას 2018 წელს უნდა წარდგენოდა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები