საფრანგეთმა Amazon-ი 32 მილიონი ევროთი დააჯარიმა - მიზეზი თანამშრომლებისთვის “გადაჭარბებული” თვალყურის დევნებაა, ისეთი გზებით, რომლებიც მარეგულირებელმა უკანონოდ მიიჩნია.
ინფორმაციისა და თავისუფლების ეროვნული კომისიის (CNIL) თანახმად, Amazon France Logistique-ი, რომელიც საფრანგეთში ონლაინ რიტეილერის საწყობებს მართავს, თანამშრომლებზე ინფორმაციას მათ მიერ გამოყენებული მექანიკური სკანერებით აგროვებდა. მარეგულირებლის ცნობით, Amazon-ი მათ აქტივობას იმდენად ზედმიწევნით აკვირდებოდა, რომ საწყობში მომუშავე პირებს შესვენების შემთხვევაში კომპანიისთვის ახსნა-განმარტების ჩაბარება უხდებოდათ.
CNIL-ის ინფორმაციით, დაკვირვების მსგავსი პროცესი არალეგალურია, Amazon-ის პოლიტიკა, 31 დღით შეინახოს თანამშრომელთა მონაცემები კი - უსაფუძვლო. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სააგენტომ Amazon-ის საწყობებში გამოძიება დაიწყო და გამოავლინა, რომ გარკვეული მიმართულებებით კომპანია მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციებს არღვევდა. დარღვევებს შორის იყო განგაშის სისტემა, რომელიც თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგისას იმ შემთხვევაში ირთვებოდა, თუ მათ გაყიდული ნივთი დროზე ადრე, წინა ნივთის დასკანერებიდან 1.25 წამის შემდეგ დაასკანერეს, ან იმ შემთხვევაში, თუ შესვენება 10 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
CNIL-ის შეფასებით, Amazon-ს ისედაც აქვს წვდომა დიდი რაოდენობის მონაცემებზე, რითაც თავის საწყობებში ხარისხსა და უსაფრთხოებას ინარჩუნებს, რის გამოც დამატებითი ზომების მიღება კომპანიას არ სჭირდებოდა. თავად ამაზონის ინფორმაციით, სკანერებით შეგროვებული მონაცემები მათ თანამშრომლების შეფასებასა და ტრენინგში ეხმარებოდათ, თუმცა მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა კომპანიას არაფერში სჭირდებოდა.
ონლაინ შოპინგის გიგანტს ჯარიმა თანამშრომლების გაუფრთხილებლობისთვის შეეფარდა. კერძოდ, საწყობში მომუშავე პირებს არ ჰქონდათ ინფორმაცია გადაჭარბებული თვალყურის დევნების შესახებ. გამოძიებამ დაადასტურა, რომ კომპანია არა მხოლოდ თანამშრომლებს, არამედ საწყობის ვიზიტორებსაც უთვალთვალებდა და მათი ნაწილი ვიდეოზეა აღბეჭდილი.
Amazon-ს მომხდარზე კომენტარი არ გაუვრცელებია.