მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში აშშ-ის სანქციების კოორდინატორი ჩამოდის, პრემიერისთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტის დროს სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია.

მომდევნო კვირაში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისს ეწვევა. აქედან გამომდინარე ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა მოლოდინები აქვს მას ამ ვიზიტისას. თავდაპირველად პრემიერი ერთი წინადადებით შემოიფარგლა და თქვა: „ძალიან მარტივად შემიძლია გიპასუხოთ, სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია“, თუმცა ჟურნალისტი ჩაეკითხა და ო’ბრაიენის ვიზიტის მოლოდინებზე მეორედ დაუსვა კითხვა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო სანქციების ქვეშაა, თუმცა ამას მის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება არ მოუხდენია და ის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

„სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მით უმეტეს, ქართული საზოგადოება. ქართულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი 30 წლის განმავლობაში რომ მისი დაშანტაჟება შეუძლებელია. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს ძალიან არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დასავლეთ 2 მილიარდი დოლარი მიანდო და რომელსაც ეს 2 მლრდ დოლარი გაუყინეს და შესაბამისად დე ფაქტო სანქციების ქვეშ არის, მაგრამ ამ დეფაქტო სანქციას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე. როდესაც საქმე ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებს ეხება, ჩვენ ვერავითარი შანტაჟი და მუქარა უკან ვერ დაგვახევინებს. თქვენ იცით როგორია საქართველოს ისტორია, ამ ქვეყანაში 3000 წლის მანძილზე თავს სწირავდნენ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, და როდესაც ასეთ დროს ვიღაც ასეთ დროს ვიღაც შანტაჟის გზით ცდილობს შენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება, მე მგონია, რომ არ და ვერ იცნობენ ქართველებს და შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის კულტურა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტისას ელის, რომ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნების დაახლოებაზე იქნება, რაც ამერიკის მხრიდან ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და სხვა საკითხებს მოიცავს.

„იმედი მაქვს, საუბარი იქნება საქართველო-ამერიკის დაახლოებაზე. არა დაშორებაზე ხელოვნურად, არამედ დაახლოებაზე. თქვენ იცით რა არის ჩვენი მოწოდებები, ამერიკელი პარტნიორების მიმართ, ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერა... იმედი მაქვს ასეთ თემებზე ვისაუბრებთ ვიზიტის დროს. ეს დაახლოებას ორ ქვეყანას ერთმანეთთან. თუ სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი უნდა იყოს პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია. ეს იქნება ქართველი ხალხის მიმართ სწორი გზავნილები და იმედი მაქვს, ასეთი გზავნილების ჩამოდის საქართველოში ო’ბრაიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი საქართველოში, რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიების წევრებზე თავდასხმას X-ის საშუალებით ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანას, რომელსაც ევროინტეგრაციისკენ აქვს მისწრაფება, მსგავს ფაქტებზე დროულ და სრულ გამოძიებას უნდა ატარებდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები