მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის დაანონსება პოზიტიური სიგნალია - ცანკაშვილი შუა დერეფნის შესაძლებლობებზე

64a93663adbe8
თამთა ჯიჯავაძე
08.07.23 15:08
796
იმ კლიენტებისთვის, რომლებიც ტვირთებს აზია-ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით ატარებენ, თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის დაანონსება პოზიტიური სიგნალია, - ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში Logistics Solutions-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ცანკაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, ესეც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, ამიტომაც მსგავსი პროექტები საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს.

„კლიენტების ნაწილი, რომელიც მომდევნო წლებზე გარკვეულ გათვლებს აკეთებს, ამას გაითვალისწინებს. უბრალოდ, ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს და მხოლოდ საუბრის დონეზე არ უნდა დარჩეს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით გვაქვს ნეგატიური გამოცდილება. აეროპორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა თუ სხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რეალურად უნდა განხორციელდეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამედროვეობას ფეხს ვერ აუწყობ, მით უმეტეს თუ პრეტენზია გაქვს, რომ ევროპის და აზიის დამაკავშირებელ კორიდორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ხარ“, - განაცხადა ირაკლი ცანკაშვილმა.

მისივე თქმით, შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან საერთაშორისო ვაჭრობამ და ლოგისტიკამ შეიძლება ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას. ამიტომაც, ირაკლი ცანკაშვილის განცხადებით, ყველა მხარემ - სახელმწიფომ, კერძო ინვესტორმა და გადამზიდავებმაც უნდა იაქტიურონ. „ეს უნდა იყოს საერთო მიზანი, რომ როდესაც ალტერნატიული დერეფნები გაიხსნება, კლიენტი აქედან არ გაგვექცეს“, - დასძინა მან.

ხოლო კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ცანკაშვილი ამბობს, რომ უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და ამასთან, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაც. „ეს ასეთი შეუძლებელიც არ არის. თუ გადავხედავთ მსოფლიოს, ძალიან მალე შენდება ყველაფერი თუ საჭესთან პროფესიონალები არიან. პორტის აშენებაც შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში, რაღაც ნაწილის მაინც. „პეის ჯგუფის“ კარგი მაგალითიც გვაქვს, არცთუ ისე დიდი ხნის პერიოდში მოხდა ახალი ნავმისადგომის აშენება. სხვათა შორის შედეგად ჩვენს გამტარუნარიანობას დაემატა თანამედროვე და კარგი ნავმისადგომი, რომელიც ტვირთებს ატარებს. ეს მისასალმებელია. იგივე უნდა გააკეთოს APM-მა და არ უნდა გაწელოს ფოთის ნავსადგომის განვითარების პროექტის განხორციელება“, - განაცხადა Logistics Solutions-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ცანკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები