სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის თებერვალში ექსპორტმა 464.6 მლნ აშშ დოლარი, იმპორტმა კი, 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მაშინ, როცა 2023 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტი 455.8 მლნ აშშ დოლარს, იმპორტი კი, 963.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. გასულ თვეს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ 571 მლნ აშშ დოლარი იყო, 2023 წელს კი, 1 მლრდ. 419 მლნ აშშ დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის თებერვალში ექსპორტი 1.9%-ით, იმპორტი კი, 14.2%-ით გაიზარდა, ჯამურად იანვარ-თებერვლის მონაცემებით საგარეო ვაჭრობა შემცირებულია.
2024 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14.8 პროცენტით - 1.5 მლრდ აშშ დოლარიდან 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
იმპორტის კლების ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა 2024 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას უკავშირდებოდეს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვერ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტიც ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ავტომობილების იმპორტზე სანქციებია, თუმცა ფაქტია, შემზღუდავი ნორმების მიუხედავად, თებერვალში საგარეო ვაჭრობა გაზრდილია.