მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TELEGRAM-მა $330 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა - რას გეგმავს პაველ დუროვი?

პაველ დუროვი Telegram

სოციალურმა ქსელმა Telegram-მა დამატებით 330 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. ბირჟაზე ბონდების განთავსების მთავარი მიზანი ინვესტორების მხრიდან დამატებითი კაპიტალის მოზიდვაა.

კომპანიის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებით, თანხა სრულად მოხმარდება Telegram-ის განვითარებას და მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოგეხსენებათ, თითქმის ათწლიანი ოპერირების მიუხედავად, Telegram-ი ჯერაც წამგებიანი ბიზნესია, რომელსაც საოპერაციო ხარჯების დასაფარად მუდმივად სჭირდება დამატებითი ვალდებულებების აღება. როგორც დუროვი ამბობს, მომავალი წლიდან კომპანია მოგებაზე გასვლას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულ სოციალურ ქსელად იქცა, მისი აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ კი მილიარდს მიაღწია. ამ ეტაპზე Telegram-ს უკვე ჰყავს მომხმარებლების კრიტიკული მასა, რაც მოგებაზე გასასვლელადაა საჭირო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პაველ დუროვი რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე და ინოვატორია, რომელიც ამჟამად არა რუსეთის, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი მოქალაქის სტატუსს იკავებს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 15.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საამიროებში აღმოჩენამდე 39 წლის დუროვს რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიის გავლა მოუწია, ის წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების ზეწოლის წინაშე.

დუროვს ხშირად რუსი მარკ ცუკერბერგის წოდებითაც მოიხსენიებენ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მისი წარმატებაც, ცუკერბერგის მსგავსად, სოციალურ ქსელებს უკავშირდება, თუმცა მსგავსებები მხოლოდ აქ არ მთავრდება.

ვრცლად Telegram-ის დამფუძნებლის შესახებ წაიკითხეთ აქ: "პაველ დუროვის ისტორია - როგორ გახდა რუსი მეწარმე არაბთა საამიროების უმდიდრესი მოქალაქე?"