მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმებია" - ირაკლი კობახიძე ევროკომისიის წერილზე

კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 8 პუნქტს, რომელიც საქართველომ უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად უნდა შეასრულოს ცარიელი პოლიტიკურ ულტიმატუმს უწოდებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკომისიის წერილის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, კანონები, რომელთა გაუქმებაც მოთხოვნილია, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი. როცა საუბარია დავუშვათ პატიმრებზე, ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით რომ თითოეულმა ამ პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვა რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები არ არსებობს, შესაბამისად არის ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები, რაც ძალიან სამწუხაროა.

რაც შეეხება კანონებს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, უკავშირდება გამჭვირვალობას. ეს არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, კი ბატონო, ოღონდ ეს გააკეთონ გამჭვირვალედ. თუ ესეც არ უნდათ, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ მზად ვართ, რომ ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას ევროკავშირი არ წამოუჩინონ, როგორც საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირისთვის რა იყო დამახასიათებელი - ეს ულტიმატუმები ასე მოჩანს, რადგან ეს არის ულტიმატუმები. ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონი საერთოდ არ ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამით უნდა განსხვავდებოდეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა, მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები, თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ. რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. მოსკოვშიც ასე ხედავდნენ, როცა იყო საბჭოთა კავშირი, უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით. ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ არის შესაბამისობაში ყველა კანონი და ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინით ბრიუსელიდან არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფინანსდებოდა საქართველოში ძალადობა და ექსტრემიზმი და რატომ არ ისმის დღემდე ამასთან დაკავშირებით განმარტებები. ამაზე უნდა მივიღოთ პირველ რიგში პასუხი და მერე გადავიდეთ ყველაფერ დანარჩენზე",- აღნიშნა კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიისგან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კერძოდ, წერილში მოთხოვნილია ინფორმაცია იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართა საქართველოს. ასევე, არის მოწოდება, რომ თუ უკვე არ გადადგმულა ნაბიჯები, გატარდეს შესაბამისი ზომები. წერილში აღნიშნულია, რომ კომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის კონტექსტში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მე-8 მუხლის საფუძველზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება. „ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი",- აღნიშნა მან და თქვა, რომ რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები