მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ბიოწარმოების ხელშეწყობისთვის ₾1 მილიონი დაიხარჯება - როგორია პროგრამის შედეგები?

ბიოწარმოება

ბიოწარმოების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება და ბიუჯეტიდან ამ მიმართულების დაფინანსება მზარდია. საქართველოს მთავრობამ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2022 წლის ბოლოდან დაიწყო. მიმდინარე წელს პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა და უკვე 1 მილიონი ლარია.

BMG დაინტერესდა, როგორია შედეგები. პროგრამის განმახორციელებელ სოფლის განვითარების სააგენტოში გვითხრეს, რომ პროგრამა მოთხოვნადია და ამოქმედებიდან დღემდე, მასში ჩართვის სურვილი 60-მდე პოტენციურმა ბენეფიციარმა გამოხატა, საიდანაც 45-თან გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება. სახელმწიფოს ჯამური თანადაფინანსება 442 ათას ლარამდეა.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც პროექტის ფარგლებში ფინანსდება, ბიოწარმოების სერტიფიცირებაა. როგორც სააგენტოში ამბობენ, ამ ეტაპისთვის იმერეთის რეგიონში, ერთმა ერთწლიანი კულტურების მწარმოებელმა აიღო ბიოწარმოების სერტიფიკატი. სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ბენეფიციარს კონვერსიის, ანუ ბიომეურნეობაზე გადასვლის პერიოდის ნაწილი მიმართვის დროს გავლილი ჰქონდა. დანარჩენი ბენეფიციარები კი გარდამავალ პერიოდში არიან.

“ბიოსერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად ყველა ბენეფიციარი (გარდა ერთისა) არიან „კონვერსიის/გარდამავალ პერიოდში“, შესაბამისად მათ ჯერჯერობით არ აქვთ აღებული სერტიფიკატები. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომელსაც აკონტროლებს მასერტიფიცირებელი ორგანო, ხოლო კონსულტირებას - საკონსალტინგო პროფილური ორგანიზაცია. ერთწლიანი კულტურების წარმოებისას „კონვერსიის პერიოდი“ შეადგენს 1-2 წელს, ხოლო მრავალწლიანი (ბაღი, ვენახი) კულტურებისთვის - 3 წელიწადს”,- განმარტავენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციითვე, ბენეფიციარების 75%-მდე დაკავებულია მევენახეობით, დანარჩენები - მეფუტკრეობით, 1 ბენეფიციარს კი დაფნა მოჰყავს. რაც შეეხება პროგრამის მეღვინეობისა და მეფუტკრეობის მიღმა გაფართოებას, სააგენტოს თანახმად, სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებების დამატებაც განიხილება.

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ასევე თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ანაზღაურებას. პროგრამა ასევე ანაზღაურებს მევენახეობის მიმართულებით ორგანულ სასუქებს და ბიოპრეპარატებს, მეფუტკრეობაში კი ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენას.

აღსანიშნავია, რომ სექტორის წარმომადგენლები პროგრამის გაფართოების საჭიროებაზე მიუთითებენ. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის შეფასებით, მნიშვნელოვანია პროგრამის მორგება მათ შორის მეთხილეობის სექტორზე. მისივე თქმით, შედარებით ხანგრძლივი მხარდაჭერაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები