საწვავისა და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საჭირო რესურსების სიძვირე სოფლის მეურნეობის სექტორს ფასების ზრდით ემუქრება. დიზელზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დაწყებამდე 700 დოლარი ღირდა, ახლა ფასი გაორმაგებულია, რაც ბუნებრივია ფერმერებისთვის დამატებითი ხარჯია.
როგორც ცნობილია, ფასი გაიზარდა სასუქებზეც, რაც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის რატი კოჭლამაზიშვილის თქმით, იმას ნიშნავს, რომ წელს ფერმერს გაცილებით ძვირი დაუჯდება პროდუქციის მოყვანა.
“მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულია, ხვნა-თესვის პერიოდია. ეს კი მოითხოვს პირველ რიგში ძალიან ბევრ დიზელს, რაზედაც მუშაობს ძირითადად სოფლის მეურნეობის ტექნიკა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ძვირდება დიზელი. როდესაც ხვნა-თესვის პერიოდია, ეს დარგები ძირითადად მექანიზებულია. ეს კი ნიშნავს, რომ საწვავი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ზოგადად თვითღირებულების ფორმირებაში. ამ პერიოდში, როდესაც მაღალია ფასი და სამწუხაროდ არც რამე სასიკეთო ჩანს ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში, ეს ნიშნავს, რომ გაძვირდება პროდუქციის თვითღირებულება.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია სასუქები. არაბული ქვეყნები არის ერთ-ერთი დიდი მიმწოდებელი სასუქების მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ფასები აქაც გაძვირდა საერთაშორისო ბაზრებზე. ეს საქართველოში, რა თქმა უნდა, მყისიერად არ აისახება, მაგრამ პარტნიორებთან რომ გვაქვს საუბარი, სხვა ფასი აქვს კონტრაქტებს. აქ არის როგორც ტრანსპორტირება, რომელიც ასევე გაძვირდა იქიდან გამომდინარე, რომ საწვავის ფასი ყველანაირ ტრანსპორტს აძვირებს და მეორე, როდესაც შეფერხდა ტრანსპორტირება დაზღვევის კომპონენტი გაიზარდა.
აქედან გამომდინარე, სასუქების ღირებულება ლოგისტიკურადაც გაძვირდა და თვითონ შესყიდვაც გაძვირდა, ამიტომ ამ კუთხით სასიკეთო არაფერია. ეს ნიშნავს, რომ უფრო ძვირი დაუჯდება ფერმერს პროდუქციის მოყვანა, შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლისთვის ფასებს დააწვება საკმაოდ დიდი წნეხი”, - აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.




























