საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 12.2% იყო, ხოლო იმპორტში 24%. შედარებისთვის, დსთ-ს ქვეყნებზე ექსპორტის 49.3% და იმპორტის 23.8% მოდიოდა.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ 722.3 მლნ შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
წლის პირველ ორ თვეში ექსპორტმა 124.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 20%-იანი ზრდაა. TOP 5 საექსპორტო პროდუქტი ასეთია:
- თხილი და სხვა კაკალი - 24.5 მლნ დოლარი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 20.2 მლნ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 18.6 მლნ დოლარი;
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 14.9 მლნ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.6 მლნ დოლარი.
იანვარ-თებერვალში ევროკავშირიდან იმპორტმა 597.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 2%-იანი კლებაა. TOP 5 საიმპორტო პროდუქტი კი შემდეგია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 97.1 მლნ დოლარი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 55.3 მლნ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 44.7 მლნ დოლარი;
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი
- ტელეფონების ჩათვლით - 12.2 მლნ დოლარი;
- მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 10.2 მლნ დოლარი.
საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლის ჭრილში 8.4%-იანი ზრდაა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას ჯამურად საქართველოს ექსპორტში 12%-იანი წილი ჰქონდა, ხოლო იმპორტში 25.4% ეკავა. სწორედ იმპორტია საქართველო-EU-ს სავაჭრო ბრუნვის 80%-ზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ 10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 776 მლნ დოლარს სწორედ გასულ წელს მიაღწია. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 23% შეადგინა.
რეკორდული ვაჭრობა და გზავნილები - როგორი იყო საქართველო-EU-ს ეკონომიკური კავშირები 2025 წელს?




























