„სილქ ჰოსფითალითის“ სადღესასწაულო და გასვლითი ღონისძიებების ხელმძღვანელის, თამარ კვერნაძის განცხადებით, ინდოეთიდან საქართველოში, წელს, მასშტაბური ქორწილი ჩატარდება.
როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, 300-მდე სტუმარს უმასპინძლებენ წინანდლის მამულებში.
"ივლისის თვეში წინანდლის მამულებში ვმასპინძლობთ ინდოეთიდან ქორწილს. ქორწილში ველოდებით დაახლოებით 300 სტუმარს, შესაბამისად, სრულად არის დატვირთული, როგორც სასტუმრო "რადისონ ქოლექშენი", ასევე სასტუმრო "პარკ ჰოტელი". ქორწილი არის 3-დღიანი და მოიცავს 9 სხვადასხვა ღონისძიებას",- ამბობს თამარ კვერნაძე.
მისივე თქმით, აზიის მიმართულება, მსგავსი ღონისძიებების მაღალი ბიუჯეტის გათვალისწინებით, საინტერესოა.
"ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ინდური ქორწილების ხანგრძლივობა არის რამდენიმე დღე და არის საკმაოდ დატვირთული ღონისძიებებით, რაც თავისთავად განაპირობებს მათ მაღლბიუჯეტიანობას, ეს მიმართულება და კონკრეტულად ეს ბაზარი განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის.
ქორწილების გარდა, აზიური ბაზრებიდან ხშირად ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებიც რამდენიმე დღეს ატარებენ წინანდლის მამულში, ინტერესით ეცნობიან კახეთის და აქტიურად ერთვებიან მრავალფეროვან აქტივობებში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მაღალმხარჯველები არიან, რადგან გრძელვადიანად ჩერდებიან და გამოირჩევიან ასევე ჯგუფური ვიზიტებით",- ამბობს „სილქ ჰოსფითალითის“ სადღესასწაულო და გასვლითი ღონისძიებების ხელმძღვანელი.
BM.GE დაინტერესდა, როგორია ღონისძიებების გეოგრაფია, იმ ფონზე, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია აქცენტს აზიის ბაზარზე აკეთებ. თამარ კვერნაძის ინფორმაციით, მათ შორის ხშირად მასპინძლობენ სტუმრებს ევროპიდან.
"წინანდლის მამული ყოველწლიურად მასპინძლობს მნიშვნელოვან ღონისძიებებს - იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე თუ სხვა განსაკუთრებული თარიღი. ჩვენი სივრცეები გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და შთამბეჭდავი გარემოთი, რაც განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს უცხოელ სტუმრებზე. წინანდლის ისტორიულ მამულში ხშირად ვმასპინძლობთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს, მათ შორის არის იტალია, საფრანგეთი და გერმანია. ასევე გვყავს სტუმრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და, რა თქმა უნდა, ინდოეთიდან",- აღნიშნა თამარ კვერნაძემ.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს. ადმინისტრაციამ ქორწილების მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებისთვის VIVAAH WEDDING PARTIES ORGANIZING-ს უკვე მეორე კონტრაქტი გაუფორმა. მთავარი სამიზნე ბაზარი ინდოეთია. დუბაიში რეგისტრირებულ კომპანიასთან 286 691 დოლარის ერთწლიანი ხელშეკრულება 10 თებერვალს გაფორმდა. მანამდე იგივე კომპანიასთან 592 613 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება იყო გაფორმებული. 2025 წელს ინდოეთიდან საქართველოში ჯამში 142.5 ვიზიტი შედგა, წლიურად ზრდა 15% იყო. ინდოეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ჯამში 290 მლნ ლარი დახარჯეს, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2,034.5 ლარი იყო.




























