მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია რა კრიტერიუმებით არჩევდა ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის ინვესტორს

ტენდერი

ღრმაწყლოვანი პორტის პროექტირება-მშენებლობა, $500 მილიონიანი ინვესტიცია ინფრასტრუქტურულ პროექტში, 500 000 TEU-ს გამტარუნარიანობის სულ მცირე ორ პორტში ოპერირება... - ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომლითაც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო კონკურსში ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია შეარჩია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის საპარლამენტო უმცირესობის წევრ დავით ხაჯიშვილის მიერ გაგზავნილი კითხვების საპასუხო წერილშია საუბარი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოვლინდება - ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, საერთაშორისო კონკურსის მეორე რაუნდში გადასული ორი ჰოლდინგიდან საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება. ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია China Communications Construction Company Limited-ისა და China Harbour Investment Pte-ს ჰოლდინგი ააშენებს. BMG ჰოლდინგსა და მის შვილობილ კომპანიებზე უკვე წერდა.

პარლამენტის დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ხაჯიშვილი დაინტერესდა, თუ ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები; როგორია კომპანიების პორტფოლიოები; კრიტერიუმები, რის რომელთა საფუძველზეც შეირჩა კომპანიები; ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის იქნება ცნობილი კომისიის მიერ წინადადებების შევსება და როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

კითხვის საპასუხოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დავით ხაჯიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ის კრიტერიუმები წერია, რის მიხედვითაც საერთაშორისო კონკურსში CCCC ჰოლდინგი შეირჩა. ეს მოთხოვნებია:

ა) ტექნიკური მოთხოვნა: კანდიდატს ან მისი კონსორციუმის წევრებს და/ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს განხორციელებული სულ მცირე ერთი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის/ტერმინალის, წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით 5 მლნ ტონა, პროექტირება, მშენებლობა და მოვლა/პატრონობა.

ბ) საინვესტიციო მოთხოვნა: კანდიდატს ან მისი კონსორციუმის წევრ(ებ)ს უნდა ჰქონდეს განხორციელებული ინვესტიცია სულ მცირე ერთ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის პროექტში, ღირებულებით სულ მცირე 500 მლნ აშშ დოლარი.

გ) ადამიანური რესურსების და მართვის მოთხოვნები: კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრებს და/ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს საკმარისი მენეჯერული და ორგანიზაციული შესაძლებლობები პროექტის განსახორციელებლად.

დ) საოპერაციო მოთხოვნები: კანდიდატი ან მისი კონსორციუმის წევრ(ებ)ი და/ან ქვეკონტრაქტორი, მიმდინარე პერიოდში, უნდა ოპერირებდეს სულ მცირე ორ საკონტეინარო ტერმინალს წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით თითოეულ ტერმინალზე 500 000 TEU

ე) ფინანსური მოთხოვნები: კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრებს ერთობლივად უნდა ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური მდგომარეობა, რათა იმოქმედონ როგორც კერძო პარტნიორმა პროექტთან მიმართებით. ალტერნატივის სახით, კანდიდატმა ან კონსორციუმის წევრმა უნდა წარმოაჩინოს დამხმარე წერილი. განზრახულობის წერილები დამფინანსებლებისგან, რათა წარმოაჩინოს პროექტის დაფინანსებისთვის 500 მლნ აშშ დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა”.

“რაც შეეხება კითხვას, თუ როდის გახდება ცნობილი კომისიის მიერ წინადადებების შეფასების შედეგები, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების დაზუსტება, რაზედაც სააგენტოს კონსულტაციებს უწევენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები Maritime & Transport Business solutions B.V.(კომერციულ საკითხებში), Port Consultants Rottertam (ტექნიკურ საკითხებში) და Squire Patton Boggs(სამართლებრივ საკითხებში). დაზუსტების ეტაპის დასრულების შემდგომ, განაცხადის შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია და რეკომენდაციები წარედგინება შესარჩევ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, - წერია დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ლევან დავითაშვილმა ჯერ კიდევ 27 მაისს გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს.

ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს - ვინ შეარჩია საქართველოს მთავრობამ პროექტის განსახორციელებლად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები