მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი პროევროპული აქციის დასაშლელად" - უცხოური მედია

აქცია

"ქართული ოცნების" განმეორებითი მცდელობა, საქართველოში "რუსული კანონი" მიიღოს, რამაც საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია, უცხოური მედიის ფოკუსშია.

30 აპრილს, ადამიანებირუსული კანონისგასაპროტესტებლად საქართველოს პარლამენტთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ არაერთი უცხოური გამოცემა წერს. ყველა მათგანშია საუბარი, რომ დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

როგორც Politico წერს, სპეცრაზმმა დაარბია დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც ათასობით ადამიანი ითხოვდა პუტინის სტილისუცხოელი აგენტებისკანონის გაუქმებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მომიტინგე ევროკავშირის დროშებს აფრიალებდა, როდესაც წყლის ჭავლმა აიძულა, პარლამენტის შენობას მოშორებოდა. პოლიცია ძალას გაფრთხილების გარეშე იყენებდა. სცემეს ათეულობით ადამიანი. გამოცემა წერს ოპოზიციონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაშავების შესახებაც.

გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე წერს BBC-იც. გამოცემის თანახმად, სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა კი პოლიციას კვერცხები და ბოთლები ესროლეს. დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე გვიანობამდე გაგრძელდა. დაშავდა და დააკავეს რამდენიმე ადამიანი. სტატიაში ნათქვამია, რომ არაერთი ევროპელი ლიდერის გაფრთხილების მიხედვით, კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

Reuters-წერს, რომ თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ დაესხა თავს ზოგიერთი პოლიციელი მომიტინგეებს, რომლებიც მათ კვერცხებსა და ბოთლებს ესროდნენ. სტატიის მიხედვით, პარლამენტთან დარბევის შემდეგ, დაახლოებით ორმა ათასმა მომიტინგემ განაგრძო რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. მასალაში საუბარია კანონპროექტთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკაზე და ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ორჯერ რევოლუციების მოწყობის მცდელობაში, „გეი პროპაგანდის“ ხელშეწყობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. გამოცემა ახსენებს ორშაბათს, „ქართული ოცნებისმიერ ორგანიზებულ აქციასაც, სადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი და მიანიშნა ოპოზიციის დარბევაზე არჩევნების შემდეგ.

The guardian-ი წერს, რომ პოლიციამ ძალადობრივად დაარბია დემონსტრაცია კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიღებასაც მმართველი გუნდი ცდილობს. სტატიაში საუბარია, რომ თავს დაესხნენ რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის AFP-ის ფოტოგრაფს, რომელიც რეზინის ხელკეტით სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იდენტიფიცირებული იყო როგორც პრესის წარმომადგენელი.

პროევროპული, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დაშლაზე წერს France24-იც. სტატიაში საუბარია, რომ დაშავდნენ მომიტინგეები, მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. სტატიაში მოყვანილია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაც, რომ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გრძელდება. ამასთან, 1 მაისს, 19:00 საათზე, კვლავ დაგეგმილია "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია, რომელსაც რეგიონებიდანაც შემოუერთდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები