ცუდსა და უარესს შორის ცუდი ვერსიაა, - ასე აფასებს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მსხვილი პროექტების დაფინანსების ნაწილში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი იზრდება
როგორც მარინა გულედანმა BMG-ის განუცხადა, საპენსიო რეფორმის განხორციელებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუკი ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი მეტად განვითარებული იქნებოდა და მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი იარსებებდა.
თუმცა მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ბაზარი საკმაოდ შეზღუდულია, საჭირო გახდა, რომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო მანდატი გაფართოებულიყო და ახალი აქტივების კლასი გაჩენილიყო.
„აუცილებელია, რომ საპენსიო აქტივების განთავსება დაბალრისკიან აქტივებში ხდებოდეს. მეორე მხრივ, ჩვენს კანონში შეზღუდვაა, რომ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები მხოლოდ 20%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს. ამ პირობებში ჩვენ ვრჩებით ადგილობრივ ბაზარზე და იძულებულები ვართ, რომ შიდა ბაზარზე მოვიძიოთ ეს ინსტრუმენტები. მივედით იმ დონემდე, რომ არჩევანი, თუ სად შეიძლება დავაბანდოთ საპენსიო დანაზოგები, დიდი არ გვაქვს. დილემაა ასეთი, რომ ან დეპოზიტებზე უნდა დატოვო ეს თანხები, როგორც ეს დღესაა, ან უნდა გააფართოვო იმ კლასების რაოდენობა, სადაც საპენსიო ფონდმა შეიძლება ინვესტიცია განახორციელოს.
იმისთვის რომ ინვესტიციები დივერსიფიცირებული იყოს, აუცილებელია, რომ მართლაც სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტები იყოს და ახლა ამის მცდელობაა. ახლა საუბარია იმაზე, რომ თუკი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია იქნება პროექტში ჩართული, საპენსიო სააგენტოს ექნება უფლება, რომ ასეთ სასესხო ინვესტიციაში გარკვეული მოცულობით შევიდეს. ბუნებრივია, ეს ჩანაწერი არ ნიშნავს, რომ საპენსიო ფონდი ასეთ ინვესტიციებს აუცილებლად განახორციელებს. ეს შესაძლებლობაა, რომ ასეთი ინსტრუმენტის არსებობისას საპენსიო სააგენტოს საშუალება ჰქონდეს, მსგავსი ინვესტიციები განიხილოს. ანუ არჩევანი არ გვაქვს და ცუდი და უარესიდან ცუდი ვერსიაა ჩემი გადასახედიდან. რა თქმა უნდა, აჯობებდა, რომ ბაზარზე ინვესტიციების უფრო მეტი შესაძლებლობა ყოფილიყო“, - განაცხადა მარინა გულედანმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც იზრდება ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს და ეს შესაძლებლობა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც ჩნდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საპენსიო დანაზოგებით მსხვილი პროექტების დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მასში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები იქნებიან ჩართულები. ამასთან, მსგავსი პროექტები მხოლოდ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით უნდა დაფინანსდეს.