მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით ჭუბერსა და ხაიშში მაინინგის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილმა მოხმარებამ ტრანსფორმატორის გათიშვა გამოიწვია.
როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო და წინასაარჩევნო შეხვედრებზე იყო მოსახლეობასთან საუბარი, მათ შორის გაფრთხილება, რომ ეს ცუდი შედეგით დასრულდებოდა.
„[მაინერების გათიშვაზე მოწოდებას გაითვალისწინებენ] რამდენადაც თვითონ მოინდომებენ სინათლეში ყოფნას.
სადაც ჭარბი მოხმარება იქნება, იქ გაითიშება დენი, რადგან სამწუხაროდ, ტრანსფორმატორები ვერ უძლებს, აფეთქდება ეს ტრანსფორმატორები და მთლად სიბნელეში აღმოვჩნდებით.
„ენერგო-პროსთან“ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ, ინფორმაციას გვაწვდიან. დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო ასეთი გაზრდილი მოხმარება. წინასაარჩევნოდ შეხვედრებზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას და ვაფრთხილებდით კიდეც, რომ ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. სამწუხაროდ, ნაწილმა არ შეისმინა და კვლავ გააგრძელა. დაფარული არაფერი არაა, მაქსიმალურად გახსნილად ველაპარაკებით მოსახლეობას, ეს ჩვენს განცხადებასაც ეტყობა“,- ამბობს მესტიის მერი.
ცნობისთვის, დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
თავის მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ეს არ არის ავარიული გამორთვა და გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ BM.GE-სთან აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.