მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მეტალურგიის დარგი გაჩერებული იქნება, გაზაფხულზე ელექტროენერგიის დაბინავება გაგვიჭირდება - მერაბ ლომინაძე

მერაბ ლომინაძე

ელექტროენერგიის კვალიფიციურ მომხმარებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მეტალურგიის დარგში არსებული კრიზისის და საწარმოების დროებით გაჩერების პირობებში, მომდევნო პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაა მოსალოდნელი.

როგორც ასოციაციის დირექტორმა BMG-სთან აღნიშნა, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებს, მსხვილ საწარმოებს საერთო მოხმარებაში დაახლოებით 25%-იანი წილი აქვთ, მათი გაჩერება კი ენერგეტიკის დარგზე, მათ შორის ენერგეტიკულ ბირჟაზე ნეგატიურად აისახება.

შესაბამისად, მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ აუცილებელია, მსხვილმა საწარმოებმა, მათ შორის, ზესტაფონის ფეროშენადნობების საწარმომ მუშაობა სწრაფად განაახლონ.

„ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, ზესტაფონის ფეროშენადნობების საწარმო დროებით გაჩერებულია. კვალიფიციური მომხმარებლების საერთო რაოდენობა 60-ია, აქედან 20-მდე კომპანია მეტალურგიის დარგშია და მათგან ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე საწარმო ოპერირებს. ეს ქვეყანაში ელექტროენერგიის საერთო მოხმარებაზე ძალიან დიდი დარტყმა იქნება. თუ არ მოხდება ამ დარგის ხელშეწყობა და მისი მხარდაჭერა, ვვარაუდობ, რომ გართულდება ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილად ამოქმედება, პლატფორმის, სადაც ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა მოხდეს.

ელექტროენერგიის მდგრადი მოთხოვნის გარეშე ენერგეტიკის სექტორის განვითარება შეუძლებელი იქნება. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა ამ საწარმოებმა დროულად განაახლონ მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვექნება გაჩერებული მეტალურგია, გაზაფხულზე ძალიან გაგვიჭირდება ელექტოენერგიის დაბინავება, იქნება ეს ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმით, ესკოთი თუ პირდაპირი ხელშეკრულებების გზით“, - განაცხადა მიხეილ ლომინაძემ.

ცნობისთვის, ქვეყნის უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელმა კომპანიამ “ჯორჯიან მანგანეზმა” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო დროებით, 2025 წლის პირველ მარტამდე გააჩერა.

ამასთან, ფეროშენადნობთა ასოციაციის ინფორმაციით, დარგში მოქმედი საწარმოების დიდ ნაწილს ამ დროისთვის მუშაობა გაჩერებული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები