მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება - კალაძე მეტროს ვაგონშემკეთებელ კომპანიაში გამოძიებაზე

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში" დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ სავარაუდო დარღვევები მერიის შიდა აუდიტმა გამოავლინა და აღნიშნული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა. კალაძის თქმით, საქმეში სიახლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

ამასთან, კალაძემ განაცხადა რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახური სისტემატურად სწავლობს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების და კომპანიების საქმიანობას და შემოწმების გარეშე არცერთი მიმართულება არ დარჩება.

„აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი წლის წინ იყო თუ სამის. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2026 წლის 4 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადებით, გენერალური პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე სწავლობს. ეს კომპანია თბილისის მეტროს ვაგონების ტექნიკური მომსახურების გაწევით არის დაკავებული.

თბილისის მერიაში კი bm.ge-ს უთხრეს, რომ საქმე უკავშირდება 12 ვაგონის შეკეთებისთვის, 2023 წელს გაფორმებულ 13.7 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს, რომლის შესრულებაშიც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანახმად, მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს, რის გამოც მერიამ მთავარ პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება 2023 წლის ივნისში გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მომსახურების მიწოდება 2023-2024 წლებში ხდებოდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა" არის ერთობლივი საწარმო, რომლის 50%-ის წილს ფლობს მერიის დაქვემდებარებაში არსებული "თბილისის სატრანსპორტო კომპანია", 50% კი კერძო საკუთრებაშია და ის "ინდუსტრიულ ინვესტმენტს" ეკუთვნის. თავის მხრივ აღნიშნული კომპანიის 50-50%-ის წილი ეკუთვნით გვანცა სალაყაიას და ნოდარ გაგუას. კომპანიის დირექტორია ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.

პროკურატურის განცხადებაში არაა მითითებული თუ უშუალოდ რამდენი მილიონი ლარის სავარაუდო გაფლანგვაზე მიმდინარეობს გამოძიება.

" აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.

მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - უთხრეს bm.ge-ს მერიაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები