IMF-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც, რეგიონის ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ, სავალუტო რეზერვები უნდა შეავსონ, ეკონომისტი ლევან კუჭავა ეხმიანება და განმარტავს, რომ მიზანი, რის გამოც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, რეზერვების აბსოლუტურად ბოლო დანიშნულებაა.
"ეროვნული ბანკი რეზერვებს ოთხი მიზნით იყენებს. პირველი ესაა, საგარეო ვალის დაფარვაა, მეორე არის იმპორტის დაფინანსება, მესამე ის, რომ ისევ და ისევ უცხოურ ინვესტორებს შეექმნათ იმის წარმოდგენა, რომ საქართველოში არსებობს უცხოური ვალუტის რეზერვები, და მეოთხე ეს არის, მონეტარული პოლიტიკა, ანუ ჩარევა იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური შოკებია, როდესაც, იმ პერიოდში, ვალუტის მკვეთრი ვარდნაა სახელმწიფოში ან პირიქით.
მეოთხე დანიშნულებით რაც უფრო იშვიათად გამოიყენებენ რეზერვებს, მით უფრო ჯანსაღი იქნება ჩვენი ეკონომიკა. სებ-ის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს ამ მიმართულებით ხშირი არ ჩარევა", - აღნიშნავს ლევან კუჭავა.
ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი არის არა ის, თუ რამდენი მილიონი დოლარი გამოიტანა სებ-მა გასაყიდად, არამედ ის, თუ რა მოლოდინები აქვს ცენტრალურ ბანკს მომდევნო ეტაპებზე. კუჭავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სები საგადასახადო ბალანსის შევსებას ვარაუდობს, ინტერვენციები პრობლემად ვერ ჩაითვლება.
"სექტემბრის ბოლოს რეზერვები იყო 4.8 მილიარდი დოლარი, მთელი ოქტომბრის განმავლობაში კურსი მერყეობდა, ძალიან განიცდიდა მერყეობას, ერთ დღეშიც კი, თან იყო საარჩევნო პერიოდი, დიდი ხარჯვა, აქედან გამომდინარე, სებ-მა ჩათვალა, რომ თავი უნდა აერიდებინა ამ მოვლენებისთვის და კურსი რომ არ გაქცეულიყო, მოახდინა 627 მილიონ დოლარამდე რეზერვების რეალიზაცია.
ეს ერთი კონკრეტული მოვლენა, რაც ოქტომბერში მოხდა, რა თქმა უნდა, არ არის სახარბიელო. მაგრამ თუ მომავალში სებ-ი ელოდება, რომ ამ რეზერვებს შეავსებს და საგადამხდელო ბალანსი მომავალში უცხოური ვალუტით შეივსება და გაძლიერდება რეზერვები, მაშინ ჩვენ ეს პრობლემად არ უნდა მივიჩნიოთ. თუ გადავხედავთ ბოლო წლებს, რეზერვები ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი - არა. თუ მომავალში ველოდებით, რომ შემოედინება და საგადასახადო ბალანსი იქნება პოზიტიური, მთლიან ჯაჭვში ეს მსხვილი პრობლემა არ არის", - აღნიშნავს ლევან კუჭავა.
საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც IMF-ი სავალუტო რეზერვების ზრდისკენ მოუწოდებს. საქართველოს სავალუტო რეზერვები მხოლოდ ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით $4 მილიარდამდე შემცირდა. IMF-მა რეზერვების შევსებისკენ სებ-ს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში მოუწოდა და მიუთითა, რომ ამჟამად საქართველოს რეზერვები ადეკვატურობის ზღვარს ჩამოუვარდება.