მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუშეთში მეცხვარის გარდა არავინ ხვდება ადამიანს და ვინ უნდა განსაზღვროს, გიდი უცხოელია თუ - არა?!|მოსაზრება

ცოტნე ჯაფარიძე

„თუშეთში, აწუნთას უღელტეხილზე, მეცხვარის გარდა არავინ ხვდება ადამიანს და იქ ვინ უნდა განსაზღვროს, ვინ არის გიდი - [უცხოელია თუ არა] ?!“ - რიტორიკულ კითხვას ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე იმ ახალი რეგულაციის შეფასებისას სვამს, რომლის თანახმად, მთავრობამ უცხოელებს გიდად მუშაობა აუკრძალა.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერია და პრაქტიკული აღსრულების მექანიზმი ბუნდოვანია.

ვინ გააკონტროლებს და რამდენით დაჯარიმდებიან უცხოელები და მათი დამსაქმებლები?

მისი თქმით, რთული წარმოსადგენია, ვინ გააკონტროლებს გიდების საქმიანობას მაღალმთიან რეგიონებსა თუ საფეხმავლო მარშრუტებზე.

„ვერ ვხედავ ორგანოს, რომელმაც ეს პროცესი უნდა მართოს“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

ცოტნე ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ბაზარზე მთავარი გამოწვევა არა - ზოგადად უცხოელები, არამედ რუსეთის მოქალაქეების მიერ „ოკუპირებული“ სექტორებია. მისი თქმით, რუსი ემიგრანტები ფლობენ კაფეებს, სასტუმროებსა და სატრანსპორტო სერვისებს, რაც ხშირად კანონგარეშე რჩება.

„ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აკრძალვა მხოლოდ გიდებს ეხება, მაშინ როცა რუსულნომრიანი ავტომობილები და მძღოლები თავისუფლად აგრძელებენ მუშაობას.

„იმ რუს მძღოლს და მანქანას არ უნდა შეეხოს რეგულაცია და შიგნით ვინც ზის, იმას უნდა შეეხოს?! აქ ხომ ლოგიკური აცდენაა?!“, - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე აზრით, საქართველოს ტურიზმის სფეროში გაცილებით მძიმე პრობლემები არსებობს, ვიდრე გიდების რეგულირებაა და ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებისგან.

„ჩემი დამოკიდებულება ის არის, რომ არ მიყვარს რეგულაციები და დამატებითი ბიუროკრატია. ეს ეწინააღმდეგება ჩემს ხედვებს... ბაზარზე საკითხი ისედაც მეტ-ნაკლებად დარეგულირებული იყო“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ „წერტილში“.

შეგახსენებთ: საქართველოში გიდებად ვერ დასაქმდებიან მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები, ხოლო ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიმწოდებლებისთვის წლიური კვოტა განისაზღვრა და წელს, მხოლოდ 200 უცხოელი შეძლებს სამთო გიდად მუშაობის ნებართვის მიღებას. აღნიშნულს ითვალისწინებს „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოსცა. რეგულაცია ნაწილია საქართველოში უცხოელების დასაქმების წესის ცვლილების, რომელიც 1-ელი მარტიდან შედის ძალაში და გიდობასთან ერთად, უცხოელებს საქართველოში კურიერებად და ტაქსის მძღოლებად დასაქმება აეკრძალებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები