პარლამენტში, "ევროოპტიმისტების" ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივით, ქონების კომერციული მიზნით გაქირავება, ან იჯარით გადაცემა ფიზიკური პირების შემთხვევაში 20%-ის ნაცვლად 5% უნდა იბეგრებოდეს.
საკანონმდებლო ინიციატივა ამჯერად წამყვანმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაიწუნა. იქამდე, 3 მარტს იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, რომელმაც მხარის არ დაჭერის მიზეზად ბიუჯეტისთვის სამომავლოდ ნაკლები შემოსავლის მიღება დაასახელა.
რაც შეეხება თავად პროექტს, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შედეგად ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავებისას, მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად 20%-ისა. ხუთი პროცენტით დაიბეგრება ასევე ფიზიკური პირის არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ამცირებს დაბეგვრის განაკვეთს ფიზიკურ პირთა მიმართ, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია მათთვის. ანალოგიური შეღავათი გავრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით გადაცემისას მისაღებ შემოსავალზე.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ასევე ცვლილება უნდა შესულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლში.
კანონპროექტის გავლენის ნაწილში წერია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 4.3მილიონი ლარით. რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით, რომ ფიზიკურ პირთა მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების მიხედვით გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნახევარს შეადგენს ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან გადახდილი გადასახადი.
განხილვა კიდევ ერთ წამყვან, იურიდიულ კომიტეტზე უნდა გაგრძელდეს.