მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკეთეს შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში - შეგნებული დამნაშავე - იურისტი

რუსული კანონი

იურისტი საბა ბრაჭველი "რუსული კანონის" მოქმედების არშეჩერებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

იურისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლომ იმიტომ დააგვიანა გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომ საჯარო რეესტრისთვის მიენიშნებინა, დროებით რბილად მოექეცი ორგანიზაციებს, ვინც დარეგისტრირდნენო. ამის შემდეგ, კანონის ჩანაწერის ნაცვლად, რეესტრის ერთთვიან პრაქტიკას დაეყრდნო და მწვანე შუქი აუნთო მას სამომავლო მონიტორინგისთვის.

პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის შეჩერებაზე. სასამართლოს არგუმენტები ასეთია:

  1. მოსარჩელეთა რეპუტაციულ ზიანზე - არსებითი განხილვების (თვეების, შეიძლება წლების) შემდეგ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციური იყო, გავაუქმებთ მას და ზიანიც აღმოიფხვრებაო. ანუ, ჩვენს გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება დამდგარი შედეგების უკუქცევა, მოსახლეობას მყისიერად აღუდგება ნდობა ამ ორგანიზაციებისადმი, თანამშრომლობას ისევ დაიწყებს და ზიანიც აღარ იარსებებსო (II-57);
  2. მონიტორინგის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით - რაკი აქამდე მონიტორინგი არავის მიმართ არ დაწყებულა, ვერ ვხედავთ ამის გამო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების საფრთხესო (II-64);
  3. ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებით - ანალოგიურად, რაკი აქამდე ჯარიმა არც ერთ ორგანიზაციას არ დაკისრებია, სასამართლომ პრობლემა ვერც იმაში დაინახა, რომ მომავალში დაკისრებული ჯარიმის გამო მრავალი ორგანიზაცია საქმიანობას ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებს (II-65);
  4. მთავრობას რომ უჩნდება ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა - სასამართლო, კანონის ტექსტის ნაცვლად, საჯარო რეესტრის უფროსის ზეპირ განმარტებას ენდო (II-69) და მიუთითა, რომ ორგანიზაციები, ვინც დეკლარაციის შევსებისას ფიზიკური პირების მონაცემები სრულად არ მიუთითეს, აქამდე არ დაჯარიმებულანო (II-70-72);
  5. ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით - სასამართლომ აქ ორი არგუმენტი თქვა. პირველი: ევროკავშირი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს მართალია აღარ გამოთქვამს, მაგრამ პროცესის რომელი ტექნიკური მხარე ზიანდება, ეს ვერ დავინახეთო. მეორე არგუმენტი იმდენად საოცრებაა, რომ უნდა დავაციტირო: "სასამართლომ, რომც შეაჩეროს კანონის მოქმედება, იგი მას სამართლებრივი სივრციდან ვერ გააქრობს და ვერც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის ლეგიტიმურ მოლოდინს გააჩენს. შესაბამისად, არ გამოკვეთილა დასაბუთება, თუ რატომ დააზღვევს არსებით განხილვამდე კანონის მოქმედების შეჩერება ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფრთხეებს". ანუ საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს იმის გაცნობიერებაზე, რომ ხელისუფლების შტოს წარმოადგენს და ისეთივე პასუხისმგებლობა გააჩნია რუსული კანონის არშეჩერებასთან დაკავშირებით, როგორც - პარლამენტს, რომელმაც ეს კანონი მიიღო (II-73).

საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა:

  1. საკონსტიტუციო სასამართლო (კონკრეტულად ის 6 მოსამართლე, ვინც ამას ხელი მოაწერა), რუსული კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა;
  2. სასამართლომ იმიტომ დააგვიანა გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომ საჯარო რეესტრისთვის მიენიშნებინა, დროებით რბილად მოექეცი ორგანიზაციებს, ვინც დარეგისტრირდნენო. ამის შემდეგ, კანონის ჩანაწერის ნაცვლად, რეესტრის ერთთვიან პრაქტიკას დაეყრდნო და მწვანე შუქი აუნთო მას სამომავლო მონიტორინგისთვის;
  3. საუკეთესო შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში - შეგნებული დამნაშავე და საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატეა;
  4. ჩვენ ისევ კვლავინდებურად გავაგრძელებთ საქმიანობას არჩევნებამდე. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. არაუშავს, თუ 6 მოსამართლე ამბობს უარს რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს 17 დღეში.

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" მოქმედება არ შეაჩერა - საქმის განხილვა გრძელდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები