უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ სზომბათეიში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ უკრაინა მათი და მათი სახელმწიფოს მტერია. ქვეყნის ლიდერმა თქვა, რომ სწორედ ოფიციალური უკრაინის ბრალია, რომ უნგრეთი რუსული ენერგეტიკული რესურსების შესყიდვას მალე ვეღარ შეძლებს და ეკონომიკური საფრთხეების წინაშე დადგება.
საუბარია ევროკავშირის 24 ქვეყნის ლიდერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს რუსული გაზის შეძენას 2027 წლიდან უკრძალავს. იმის მიუხედავად, რომ ეს შეზღუდვა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში ორივე სახელმწიფომ უკვე გაასაჩივრა, ორბანი შიშობს, რომ ალტერნატიული მომწოდებლების პოვნას დროულად ვერ მოახერხებს და ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეექმნება.
ენერგეტიკულ გამოწვევაზე საუბრის გარდა უნგრეთის პრემიერმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მმართველობის პირობებში ეს არასდროს მოხდება. ვერ მოხდება, რადგან, ორბანის აზრით, ეს უნგრეთს მასშტაბური კონფლიქტის ნაწილად აქცევს და ომში ჩაითრევს. დამატებით, ქვეყნის ლიდერმა ამომრჩევლებს მეზობელ სახელმწიფოსთან და მათ მოქალაქეებთან ეკონომიკური კავშირების დაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დააანონსა, რომ 19 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება და “მშვიდობის საბჭოს” პირველ სამიტს დაესწრება. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ორბანს მხარდაჭერა ოფიციალურად გამოუცხადა და მას მყარი და ძლევამოსილი ლიდერი უწოდა.
შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 12 აპრილს გაიმართება, სადაც ვიქტორ ორბანის მთავარი კონკურენტი მისი პარტიის ყოფილი წევრი, პიტერ მაგიარი იქნება. ოპოზიციის ლიდერის პარტია Tisza ბოლო გამოკითხვებით მოქმედი ხელისუფლების პარტია Fidesz-ს 10%-ით უსწრებს, რაც მიუთითებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში ხელისუფლება პირველად შეიცვლება და ევროსკეპტიკოს ორბანს პროევროპელი მაგიარი ჩაანაცვლებს.




























