მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკანსიები, მილოცვები, სამძიმარი|როგორ იყენებს ციფრულ არხებს სახელმწიფო ქონების სააგენტო პრივატიზაციისთვის?

ქვრივიშვილი შენგელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პრივატიზაციის წლიური თუ კვარტალური გეგმების შესრულებით თავს იწონებს, მაგრამ გასხვისებული სახელმწიფო აქტივების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს აცხადებს.

მიმდინარე წელს BMG-მ უწყებიდან, რომელსაც 2024 წლის ზაფხულიდან ირაკლი შენგელია ხელმძღვანელობს, საჯარო ინფორმაცია 2-ჯერ გამოითხოვა.

ქონების სააგენტოს პირველი უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პირველი მიმართვა ქონების ეროვნულ სააგენტოში 10 თებერვალს შევიდა. BMG ითხოვდა ინფორმაციას პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული ყველაზე ძვირად ღირებული (TOP-10) ქონების შესახებ. კერძოდ, ბიზნესმედიას აინტერესებდა: საპრივატიზაციო ფასი; ახალი მფლობელების ვინაობა და საინვესტიციო ვალდებულებები.

აღნიშნულით იმიტომაც დავინტერესდით, რომ შარშან პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას უარის თქმა დააანონსა, თუმცა რამდენიმე თვეში გამონაკლისები დაუშვეს.

ასევე, BMG-ის კითხვები ეხებოდა სიმბოლურ 1 ლარად გადაცემულ ქონებას და სააგენტოს ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას - წელს უწყების დაფინანსება 128 მილიონიდან 30 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა. აღნიშნულ მოთხოვნაზე სააგენტოსგან პასუხი საერთოდ არ მოსულა - სსიპს არც ინფორმაცია გაუცია და არც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის მიზეზი განუმარტავს.

მეორე უარი ქონების სააგენტოდან|გადამისამართება საძიებო სისტემებზე

მეორედ BMG-მ ქონების სააგენტოს 2 აპრილს მიმართა. 6 კითხვიდან პასუხი მხოლოდ ერთზე (ისიც ნაწილობრივ) მიიღო. სრულყოფილი ინფორმაციის ნაცვლად, ოფიციალურ წერილში უწყებამ გამოცემას მიუთითა, რომ პრივატიზებული ქონების შესახებ მონაცემები თავად ეძებონ სააუქციონო პორტალსა (eauction.ge) და მთავრობის განკარგულებებში.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში სააგენტო მსგავს სტატისტიკას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გასცემდა, რაც bm.ge-ს არქივითაც დასტურდება.

ლოგიკურია, რომ სახელმწიფო ქონების გაყიდვისას უწყება მედიასთან თანამშრომლობითა და რეკლამირებით იყოს დაინტერესებული, რათა გაიზარდოს კონკურენცია და აქტივი მაქსიმალურ ფასად გასხვისდეს, თუმცა ქონების სააგენტოს მიდგომა საპირისპიროა. კითხვაზე - როგორია სააგენტოს სტრატეგია, რათა მაქსიმალურად მეტი უძრავ/მოძრავი სახელმწიფო ქონება გაიყიდოს და თან კონკურენტულ ფასად, სსიპი შაბლონური პასუხით შემოიფარგლა:

"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვას ახორციელებს შემდგომში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით. ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ქმედებად მიჩნეულია გეგმაზომიერი, შეწონილი პრივატიზაციის განხორციელება. პრივატიზაციის პროცესის ეფექტიანი მიმდინარეობა გარკვეულწილად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის გამართულობას, ხელს უწყობს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, წარმოებებისა და მომსახურე ობიექტების ამუშავებას, სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას. სააგენტო დამატებით ახორციელებს სახელმწიფო მოძრავი ქონების მართვა-განკარგვის ღონისძიებებს. სააგენტოს აქტივობები ქონების განკარგვის მიმართულებით განსაზღვრულია სააგენტოს სტრატეგიის დოკუმენტში“, - ეწერა ქონების სააგენტოს წერილობით პასუხში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული „სტრატეგიის დოკუმენტი“ უწყების ვებგვერდზე საერთოდ არ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად ისევ არ გაცემულა.

სახელმწიფო ქონების სააგენტოს „მკვდარი“ სოციალური ქსელები

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ციფრული არხების ანალიზი აჩვენებს, რომ უწყება საკუთარ პლატფორმებს საპრივატიზაციო ობიექტების პოპულარიზაციისთვის, ფაქტობრივად, არ იყენებს:

Instagram: ბოლო პოსტი 2025 წლის ზაფხულით თარიღდება.

LinkedIn: პრაქტიკულად უმოქმედოა.

Facebook: მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში გამოქვეყნებული პოსტები მხოლოდ ვაკანსიებს, მილოცვებსა და სამძიმრებს ეთმობა: 9 მაისი, ევროპის დღე, ფაშიზმზე გამარჯვება, დედაენის დღე, აღდგომა, ახალი წელი და პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოთქმული მწუხარება. საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ პოსტები აქ თითქმის არ გვხვდება.

"მშრალი რიცხვები" დეტალების გარეშე

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქონების სააგენტომ პრივატიზაციის სტატისტიკას მხოლოდ 2-3 პოსტი მიეძღვნა. 14 იანვარს, ქონების სააგენტოს სოცმედიამ საზოგადოებას ამცნო, რომ პრივატიზაციის წლიური გეგმა 102%-ით შესრულდა - 213 მილიონი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტში 4 მილიონით მეტი შევიდა.

2 აპრილის facebook პოსტში კი აღნიშნული იყო, რომ აქტიური პრივატიზაციის შედეგად, ქონების სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტალის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად თითქმის 53 მილიონი ლარი შეიტანა და გეგმა 170%-ით შესრულდა.

არცერთ ამ პოსტში და არც სააგენტოს 18-გვერდიან წლიურ ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, რა გაიყიდა, რა ფორმით და რა პირობით.

წყარო: ქონების სააგენტო

"სახელმწიფო ქონების პრივატიზებისთვის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება" - აცხადებდა 2024 წლის დასაწყისში მაშინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი გვპირდებოდა, თუმცა როგორც გავარკვიეთ, პროექტი შეჩერდა. ქონების სააგენტოს ონლაინ-ოპერატორებს აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდათ.

ვინ არის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე?

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის ზაფხულიდან, პროფესიით იურისტი ირაკლი შენგელია ხელმძღვანელობს. ის უწყებაში 2012 წლიდან მუშაობს და პრივატიზაციის და სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულება მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გიორგი დუგლაძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადავიდა. ირაკლი შენგელიას 4 მოადგილე ჰყავს - მისი ხელფასი წელს გაიზარდა და 12 000-მდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები