ვირტუალური აქტივების პროვაიდერები, ანუ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივების ფლობა განკარგვის სერვისს სთავაზობენ სრულად სებ-ის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან - ამას ითვალისწინებს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ქართული ოცნების უმრავლესობამ დაარეგისტრირა. ცვლილებების ავტორად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ოცნების 10-მდე დეპუტატი არის მითითებული.
VASP-ების რეგულირების საკითხები ქართულ კანონმდებლობაში 2022 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით შევიდა, რის შედეგადაც სებ-მა 2023 წელს VASP-ების რეგისტრაცია დაიწყო.
დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 27 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი და კიდევ რამდენიმე სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დღეის მდგომარეობით შემოიფარგლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგისტრაციითა და რეგისტრაციის გაუქმებით, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებითა და რეგულირებით, ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრით.
“ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო მთელ მსოფლიოში მზარდია და სწრაფად ვითარდება, მათ შორის, იზრდება ამ მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ თავის საზედამხედველო უფლებამოსილებას სრულად ახორციელებდეს, როგორც პრუდენციული ზედამხედველობის, ასევე მომხმარებლების უფლებების დაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების ნაწილში. შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობის მომწესრიგებელი ორგანული კანონის 52(5) მუხლი ჩამოყალიბდება ახლებურად, მსგავსად ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა სუბიექტების მარეგულირებელი ნორმებისა,”- ნათქვამია კანონპროექტში.




























