ბრიტანულმა ტელევიზია Sky News-მა მოამზადა საგამოძიებო მასალა, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გავლით მაინც შედის.
bm.ge-სთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ ფაქტს ვერ გამორიცხავს, მაგრამ ის, რომ ავტომობილები ლარსის საზღვარს კვეთენ, არ ნიშნავს, რომ ისინი რუსული ბაზრისთვისაა, რადგან აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს და სხვა სახმელეთო გზა ცენტრალური აზიისკენ არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა. ამ დროს გახდა ყირგიზეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი. 2024 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი, $688 მილიონის 18 920 ერთეული, ყირგიზეთში გავიდა. ავტომობილების რეექსპორტის გამო, ყირგიზეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანაა. ამ ქვეყანაში გატანილი ავტომობილის საშუალო ფასი $36,4 ათასს აღწევს. თავის მხრივ, 2022 წელის შემდეგ ყირგიზეთმა 250%-ით გაზარდა ექსპორტი რუსეთში. ყირგიზეთი არ არის მიერთებული საერთაშორისო სანქციებს.
"საიდანაც უნდა იყოს, ავტომობილმა, რომელიც რეექსპორტზე გადის ცენტრალურ აზიაში, აუცილებელია, რომ რუსეთის საზღვარი გადაკვეთოს, რადგან მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანს პანდემიის დაწყების შემდეგ საზღვარი ჩაკეტილი აქვს და სხვა სახმელეთო გზა, უბრალოდ არ არსებობს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, არ აქვს მნიშვნელობა, პირობითად, ყაზახს ან ყირგიზს, მიჰყავს ეს ავტომობილი სამშობლოში, თუ მიჰყავს რუსეთში, ყველა თეორიული შანსი რომ განვიხილოთ რაც შესაძლებელია, მაინც ვერ აუვლის გვერდს ლარსის საზღვარს. ბუნებრივია, რომ მე ვერ დავადასტურებ, რომ ყველა ავტომობილი აუცილებლად მიდის შუა აზიამდე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ამ ადამიანმა უნდა გაიაროს ლარსი.
მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ მივმართეთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ჩვენი ხელისუფლებაც დაინტერესებულია, საზღვარი მაინც არ იხსნება.
ვერც დავუშვებ და ვერც გამოვრიცხავ. ოფიციალურად, ეს მანქანები გადის რეექსპორტზე ცენტრალურ აზიაში და ყველა ვარიანტში უნდა გაიარონ ლარსი და უნდა ჩავიდეს ყაზახეთამდე და ყირგიზეთამდე. მე ვესაუბრე ყაზახეთში საქართველოს საელჩოს და მომაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ტრაილერი დააკავეს რომ რეექსპორტზე იყო და არ შევიდნენ ყაზახეთში. ანუ, ისინიც ებრძვიან ამას, რომ საბაჟო მოსაკრებლების კუთხით თავი არავინ აარიდოს ამას.
მთავარი ჩემი აზრით, მაინც არის ის, რომ რუსეთს ავტომობილების დეფიციტი არ აქვს. ოფიციალური მონაცემებით, ახალი ავტომობილების 80% რუსეთში ჩინეთიდან შედის. თუ სანქციებზეა საუბარი ამ მიმართულებითაა საჭირო", - განაცხადა ნონიაძემ BM.GE-სთან.
ნონიაძე ამბობს, რომ თავადაც მხარს უჭერს რუსეთის მიმართ სანქციებს და ეს, ბრიტანელ პარტნიორებთანაც დაადასტურა, რომლებიც სანქციების აღსრულების მონიტორინგისთვის იყვნენ ჩამოსული.
"მე ღიად ვაფიქსირებ, რომ მომხრე ვარ უკრაინის და უკრაინელი ხალხის, მინდა, რეალური სანქციების ქვეშ მოექცეს რუსეთი, მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ ეს სანქციები არაეფექტური იყოს რუსეთის მიმართ და სამაგიეროდ, აქ დილერები უსამართლოდ დაზარალდნენ და დამატებითი შეზღუდვები მიიღონ“,- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
მიმდინარე წლის 8 თვეში, საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტმა 745.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 81.1%-ით გაიზარდა.