ბიზნესიურისტ თედ ჯონასის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ინვესტორისთვის მიმზიდველი არ არის. მან "ანალიტიკას" ეთერში პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობას არასდროს ჩაუდია ტენდერში ის პირობები, რაც ინვესტორებს სურთ.
მან პროექტის მეორე გამოწვევად ფოთის პორტთან დაკავშირებული საკითხი დაასახელა.
"ჩვენ – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ბადრი, მამუკა და ეს ხალხი – რადგან გვჯეროდა, რომ მთავრობისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო და საქართველოსთვისაც, ამიტომ დავთანხმდით პროექტის განხორციელებას მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჭირო პირობა ტენდერით გაწერილი არ იყო. და როცა მთავრობა ამბობს, რომ თქვენ არ გყავდათ მასშტაბური საპორტო კომპანია ან გადამზიდავი კომპანია – ნუ, ამის მიზეზი ის იყო, რომ მთავრობის გარანტიის გარეშე ამ პროექტს ხელს არცერთი ინვესტორი არ ჰკიდებდა. მეორე პრობლემა იყო – ფოთი. დღესაც "ეიპიემ ტერმინალსი" ამბობს, რომ ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას აპირებენ და ყველამ იცის, რომ ბაზარი არ ეყოფა ორივე პორტს. ეს ორი ფაქტორი მუშაობდა ყოველთვის – მუშაობდა კაპიტალში ინვესტიციის მოძიებისთვის, სესხების უზრუნველყოფისთვის – და რაც, სხვათა შორის, გასაოცარია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის შემთხვევაში, ჩვენ ყველა ამ წინაღობის გადალახვა შევძელით. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებაც მოძიებული გვქონდა და კაპიტალში ინვესტიციებიც განსაზღვრული – და ამას მოჰყვა შემდეგ უკვე კამპანია მამუკას წინააღმდეგ", - განაცხადა თედ ჯონასმა.
მან კონსორციუმის მიერ წაგებულ საარბიტრაჟო დავაზე აღნიშნა, რომ "ძალიან მცირე განსხვავებამ გადაწონა". თედ ჯონასის თანახმად, ბობ მეიერის საქმე ჯერ კიდევ წინ არის.
"წავაგეთ, 2–1–ის წინააღმდეგ. და ერთ–ერთმა არბიტრმა თქვა – როგორ შეგვიძლია ჩვენ მთავრობის როლი გამოვრიცხოთ ამ საქმეში, როცა მას მოჰყავს ინვესტორი, მხარს უჭერს მას, არწმუნებს მას, რომ ამ პროექტში და მისი წარმატებისთვის მასთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს და შემდეგ ყველა ნაბიჯს დგამენ ამის საწინააღმდეგოდ – მეტიც, კონკურენტ პორტს უჭერენ მხარს. მესამე არბიტრს ეს პოზიცია ჰქონდა – მთავრობამ არ შეიძლება დაიყოლიოს ინვესტორი და შემდეგ ყველაფრის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. აი, ამდენად, მარტივად. უმრავლესობამ თქვა, რომ კონტრაქტის პირობებით არ ყოფილა გაწერილი ის, რომ მათ პროექტის საწინააღმდეგოდ არ უნდა ემოქმედათ. მესამე არბიტრს კითხვა ჰქონდა – სად არის თქვენი საღი აზრი? ჩვენი კიდევ ერთი საქმე გრძელდება – ეს აქციების მფლობელი ბობ მეიერის საქმეა. ეს საქმე განსხვავებული სტანდარტებით განიხილება. ამ სტანდარტებით გაცილებით უფრო მეტად მოეთხოვება საქართველოს მთავრობას, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედოს ინვესტორთან მიმართებით. უნდა ვთქვათ, რომ კანონი ამ ნაწილში უფრო ჩვენ მხარეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ საარბიტრაჟო დავა – თუმცა, აქაც, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მცირე განსხვავებამ გადაწონა...
ბობ მეიერის საქმე ჯერ კიდევ წინ არის. არ მაქვს უფლება, განრიგის შესახებ დეტალები მოგაწოდოთ, მაგრამ წინ მივიწევთ. ეს საქმე დიდ თანხას არ ეხება, რადგან ბობ მეიერის წილზეა აქ საუბარი, მხოლოდ მის ინვესტიციას ეხება საქმე – მაგრამ მგონია, რომ ძალიან ძლიერი საქმეა. მთავრობა ხშირად უსვამს ხაზს, რომ რადგან საარბიტრაჟო დავა მოვიგეთ, ბობ მეიერიც ვერ მოიგებს, უნდა ჩაეხსნას დავას და ა.შ. საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ დაეთანხმა ამ მსჯელობას, რადგან ესმით, რომ სხვა შინაარსის ქეისია და სხვა აქტივებს მოიცავს – არა მხოლოდ პორტს, როგორც პირველ საქმეში, არამედ, პორტს და ინდუსტრიულ ზონასაც, რადგან მეიერი ორივეს ინვესტორი იყო",- ამბობს თედ ჯონასი.
რაც შეეხება ახალ ტენდერს ანაკლიის პროექტზე, თედ ჯონასის თქმით, მან გამოწვევები არ გაითვალისწინა. მისი შეფასებით, სამი რამ მოხდა, რამაც ჩინელებთან კონტრაქტი პრაქტიკულად ჩაშალა.
"მოდი, ახლა ახალ ტენდერზე ვისაუბროთ. ახალმა ტენდერმა არცერთი ეს პრობლემა არ გაითვალისწინა. ახალი ტენდერით მთავრობას ექნება წილი 51% – ინვესტორებს სჭირდებათ ქეში ან გარანტია ტვირთების დასაზღვევად. ამას გარდა, ახალ ტენდერში ისევ რჩება გაურკვევლობა ფოთის პორტთან მიმართებით – ააშენებს თუ არა "ეიპიემ ტერმინალსი" ახალ ღრმაწყლოვან პორტს ფოთში? სანამ ეს გაურკვევლობა დღის წესრიგში რჩება, პროექტი კარგად არ გამოიყურება. რაც მოხდა ის არის, რომ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის რამე კარგი ეჩვენებინათ, რუსული კანონის შემობრუნების და მაგ ჭრილში განვითარებული მოვლენების ფონზე – ზუსტად მეორედ დამტკიცების შემდეგ განაცხადეს, რომ ანაკლიის პორტს ჩინელი ინვესტორი გამოუჩნდა – ამ დრომდე ამ გარიგებას დადასტურება არ აქვს. ჩვენც, თინა ხიდაშელის ორგანიზაციამაც არაერთხელ მივმართეთ მთავრობას კითხვით – რატომ ხდება ასე, ეს ხომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია? ძალიან დიდი ხნის მანძილზე, არ გვპასუხობდნენ და ავადებდნენ ჩვენთვის პასუხის გაცემას. ბოლო ორ თვეში – ნოემბერი იყო თუ დეკემბერი აღარ მახსოვს – ეკონომიკის მინისტრმა დავითაშვილმა გაგვცა პასუხი და თქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, გავერკვეთ, რამდენად ბოლომდე აკმაყოფილებს ეს კონსორციუმი ტენდერის პირობებს და ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკებები დაწყებული არ არის.
ვფიქრობ, სამი რამ მოხდა, რამაც ჩინელებთან კონტრაქტი პრაქტიკულად ჩაშალა. მგონია, რომ ეს კონტრაქტი მკვდარია ან საბოლოოდ, ან ამ პერიოდში მაინც. პირველი – ტენდერის პირობები დაირღვა, რადგან სახელმწიფო კომპანია მონაწილეობდა. თუმცა ამის გადალახვა იმ წესებით, როგორც ქართული ოცნება მუშაობს ზოგადად, მათ არ გაუჭირდებოდათ. მეორე პრობლემა ის იყო – რაც ჩვენ ვიცით – რომ ჩინელები ითხოვენ მთავრობის უფრო დიდ მონაწილეობას ამ პროექტში და ასევე მოითხოვდნენ გაურკვევლობის შემცირებას ფოთის პორტთან მიმართებით და მთავრობა ამ ნაწილში მკაფიო პასუხს არ აბრუნებს. მესამე ფაქტორი შეიძლება ისიც იყოს – რომ ჩინური კომპანია, ყველაფერთან ერთად, სანქცირებულიც არის. არ ვიცი, საქართველოს მთავრობაში თუ დარჩა ადამიანი, რომელსაც საღი აზრი აქვს შერჩენილი, რომ ამ ფაქტორსაც მიაქციოს ყურადღება – მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში ყველა იფიქრებდა ამაზე, რადგან სულ მცირე, 49%–იანი წილის სანქცირებული კომპანია, პროექტის მთელ ბიზნესმოდელს მოშლიდა. დასავლეთიდან გადაზიდვები შეწყდებოდა. ნამდვილი უბედურება იქნებოდა. სწორედ ამიტომ დაიწყეს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტში სხვა ინვესტორებიც უნდა შემოიყვანონ", - ამბობს თედ ჯონასი.
კითხვაზე - რა ტიპის ინვესტორი შეიძლება დაინტერესდეს დღეს ამ პროექტით, ჯონასი აცხადებს, რომ პროექტით ისეთი ინვესტორიც კი არ დაინტერესდება, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს.
"ვფიქრობ, დღეს ამ პროექტში სანქცირებული რუსი ოლიგარქის შემოყვანაც კი გაუჭირდებათ – ისეთის, ვისაც არ აშინებს ამერიკის სანქციები, რადგან უკვე სანქცირებულია და დასაკარგი აღარაფერი აქვს – ასეთი ინვესტორიც კი არ დაინტერესდება დღეს ამ პროექტით, რადგან მზად უნდა იყოს, რომ უბრალოდ გადაყაროს თავისი ფული. სანამ საქართველოს მთავრობა არ გაფანტავს გაურკვევლობას ფოთის პორტთან დაკავშირებით და ასევე – მთავრობის ინვესტიციის მოცულობასა და ბუნებასთან დაკავშირებით – ამ პროექტში ინვესტიციას არავინ ჩადებს. დასავლურ ინვესტიციებზე საერთოდ არც ღირს ყურადღების გამახვილება მთელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა ყველა ცდილობს, საქართველოსთან საქმე არ დაიჭიროს. ამდენად ვერ ვხედავ ვერანაირ პერსპექტივას დღეს ამ პროექტისთვის", - ამბობს ბიზნესიურისტი.
შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში, ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) გამოვლინდა. მაშინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. 2025 წლის 23 იანვარს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ინტენსიურ ფაზაშია შესული და მალე უნდა დასრულდეს.




























