მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ანაკლიაზე] ხელშეკრულების დადების პროცესი ინტენსიურ ფაზაშია - კობახიძე

ანაკლია

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ინტენსიურ ფაზაში შესული და მალე უნდა დასრულდეს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კონსორციუმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და მთავარი ისაა, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროცესების წარმოებას არ აფერხებს.

"მუშაობა ახლაც წარიმართება, ამ დღეებშიც კი გვსტუმრობენ კონსორციუმის წარმომადგენლები და მათთან აქვს ინტენსიური მოლაპარაკებები ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს და შესაბამისად, ხელშეკრულების დადების პროცესი არის უკვე ინტენსიურ ფაზაში შესული. ამას თავისი ვადები სჭირდება, უამრავი დეტალია დასაზუსტებელი და სათანადო დროში ეს ყველაფერი გაკეთდება. მთავარი არის ის, რომ მოლაპარაკების პროცესი არც ერთი დღით არ აფერხებს პროექტის განხორციელებას. იცით, რომ ახლაც მიმდინარე პროცესია. ბელგიური კომპანია არის დაკავებული ინფრასტრუქტურის სამუშაოებით, ხდება დაღრმავების სამუშაოების განხორციელება, ტალღმჭრელების ორგანიზების სამუშაოების წარიმართება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ "გვაქვს გარკვეული დრო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელი ამ ხელშეკრულებას".

საკითხზე კომენტარი 20 იანვარს გააკეთა ლევან დავითაშვილმა. "ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები თვის ბოლომდე გახდება ცნობილი. დავითაშვილი ამბობს, რომ ინვესტორის შერჩევის პროცესში პროგრესი აქვთ. ასევე, მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსორციუმის გამსხვილების პროცესი და მასში შედიან დამატებითი მოთამაშეები, რაც პროექტს კიდევ უფრო ამყარებს.

შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში, ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) გამოვლინდა. მაშინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. პროექტის მიხედვით, კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები