საპარლამენტო ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არაადეკვატურია. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა.
პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ 14 მაისის შემდეგ ლარის მკვეთრი გაუფასურება ხელოვნურად, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა და საბოტაჟის ნიშნები იყო, თუმცა არ დაასახელა, ვისმა ჩარევამ იმოქმედა ეროვნული ვალუტის კურსზე.
რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის კურსის და ეკონომიკის ჩამოშლა „რუსულ კანონს“ უკავშირდება.
„გუშინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება, რომ თურმე ვიღაცას უნდა ლარის ჩამოშლა. ლარის და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა ფაქტობრივად გამოიწვია აგენტების კანონმა. ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი 26%-ით დაეცა. ეს კატასტროფაა. 3 მლრდ ლარამდეა თუ გადავიყვანთ ამ აქტივებს. სავალუტო ფონდმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ სებ-ის რეზერვები უკვე ჩამოსცდა კრიტიკულ ზღვარს. ორმა კენჭისყრამ 110 მლნ დოლარი შეიწირა. ლარის გასამყარებლად ჯერ 60 მლნ დოლარი გაყიდა სებ-მა და გუშინ 48 მლნ დოლარი. ვინ ანგრევს ლარს და ეკონომიკას, ძალიან კარგად არის ცნობილი“,- თქვა გოცირიძემ სხდომაზე, სადაც ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა განიხილება.
გოცირიძემ შემდეგი კითხვა დასვა: "ოფშორების კანონი რა გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე. აგენტების რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყნის ისედაც ჩამონგრეულ რეპუტაციაზე. ოფშორების კანონი და აგენტების კანონი ერთად, გამოიწვევს თუ არა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. ამ კანონის მიღების შემდეგ გახდება თუ არა საქართველო კრიმინალური რუსული ფულის სამრეცხაო?!"