მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეეხება ე.წ ფინანსური დანაშაულის გამკაცრებული კანონი?

თორნიკე ჭეიშვილი

ერთპარტიული პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს "ქართული ოცნების" მიერვე მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობა უფრო მკაცრდება.

ცვლილებებით ქვეყნის დატოვება ე.წ ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს შესაძლოა სამუდამოდ აეკრძალოს თუ დაზარალებულს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურა. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც 3 სექტემბერს უკვე გამკაცრდა.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ცვლილებების შეეხებოდა საქართველოდან გასვლის აკრძალვის დაწესებას შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი ღონისძიების ვადად განისაზღვრა 16 წელი. წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ საკითხს შეეხება და მისი მიზანია საქართველოდან გასვლის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმები კიდევ უფრო დაიხვეწოს, რათა ეს მექანიზმი დაზარალებულთა კომპენსაციის მიზნით გამოიყენებოდეს უფრო მოქნილად და ეფექტიანად.

აქ არის ერთგვარი წინაპირობები, რომელიც შესრულებული უნდა იყოს. პირველი, მსჯავდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით დანაშაულის ჩადენის გამო. აქ საუბარია ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულზე როგორიც შეიძლება იყოს თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა და ა.შ. მეორე არის რომ მსჯავდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე პირი", - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ერთ-ერთმა ავტორმა თორნიკე ჭეიშვილმა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეს აღარ ექნება უფლება გადაწყვიტოს, ქვეყნის დატოვებაზე აკრძალვას ჩაწერს თუ არა განაჩენში. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მიღებული ცვლილებებით ქვეყნის დატოვებაზე აკრძალვა მხოლოდ 16 წლით იყო განსაზღვრული.

ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება შემდეგი საფუძვლებით:

  • დიდი ოდენობით თაღლითობა;
  • დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა;
  • დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა;
  • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით - დიდი ოდენობით;
  • სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 ათას ლარს);
  • დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
  • უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
  • კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, - რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია.

ამ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირს ქვეყნის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება თუ თავად დაზარალებული იტყვის უარს ამ კანონის აღსრულებაზე ან/და დაზარალებულს გადაუხდის კომპენსაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები