მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვითხოვთ, პასუხისმგებლობით გაიაზრონ იურიდიული დახმარების კანონში ცვლილებების შედეგი - ქეთი ქვარცხავა

ქეთი ქვარცხავა

"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, „დაუშვებელია ისეთი სისტემის შემოღება, რომელიც შეზღუდავს ადვოკატის დამოუკიდებლობას ან ინტერესთა კონფლიქტების საფრთხეს შექმნის“. დღეისთვის, ამ საფრთხის არსებობის საფუძველს კი ქეთი ქვარცხავას „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული „იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები აჩენს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავს.

BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას სიფა-ს თავმჯდომარე ხაზგასმით აცხადებს, რომ „ადვოკატი თავისი შინაარსით დამოუკიდებელია“ და განმარტავს, რა ფუნქცია აქვს იურიდიული დახმარების სამსახურს და რატომ არის ნეგატიური ადვოკატის როლის და ფუნქციის შეზღუდვა. გაერთიანების ხელმძღვანელი აღნიშნულ კანონში ცვლილებების ინიციატორებს მოუწოდებს „პასუხისმგებლობით გაიაზრონ „იურიდიული დახმარების სამსახურის კანონში“ ცვლილებების საბოლოო შედეგი.

„გავეცანი განმარტებით ბარათს, რომელიც არის პრაქტიკულად რეგულაციის ზეგავლენის ანალიზი. მან უნდა განმარტოს: პირველი - რატომ გახდა ასეთი რეგულაცია საჭირო, მეორე - რას გამოიწვევს ის და მესამე - რა დაგვიჯდება? ანუ ეს არის რეალურად RIA-ს შინაარსი.

კითხვაზე თუ რამ გამოიწვია ამ ცვლილებების შემოღების მიზანი, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს არის კონტროლის განხორციელება. კანონმდებლობის ცვლილების ავტორს განმარტებით ბარათში პირდაპირ უწერია, რომ არ იყო საკმარისი კონტროლი იურიდიული დახმარების სამსახურზე და ამ ცვლილებებით გახდება შესაძლებელი კონტროლი. ანუ, მითითებულია, რომ მანამდე სამსახური ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პარლამენტის მიმართ, ახლა გადადის პრემიერ-მინისტრის მიმართ. შინაარსშიც გაკვრით წერია, რომ შემადგენლობაში შედის ცვლილებები, თუმცა არ არის ნათქვამი ამ ცვლილებების რეალური შედეგი. ამ ცვლილებებით კომისიის რაოდენობა შეიზღუდა, ვინც ასე ვთქვათ, ადგენს იურიდიული დახმარების სამსახურს, მისი შემდგომი საქმიანობის პოლიტიკას და ასე შემდეგ. ექსოფიციო დაინიშნა როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაშინ, როდესაც ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს ჰყავდათ სამ-სამი წარმომადგენელი, ჯამში ექვსი. ახლა თითო-თითო ეყოლებათ და ისიც იქნება ექსოფიციო, თვითონ სახალხო დამცველის და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის სახით. ანუ ამ კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული და ფოკუსირებული ადამიანი იქ აღარ იქნება. ეს ძალიან ცუდი რამ არის, იმიტომ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გვაქვს სიტუაცია, როდესაც სოციალურად შეჭირვებული ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია. ამ ადამიანებს ადვოკატები ზუსტად იურიდიული დახმარების სამსახურიდან ენიშნებათ. ისინი არ არიან დღეისათვის მართული, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისგან და არც უნდა იყვნენ და ნებისმიერი ისეთი ბერკეტი, რომელიც ხელისუფლებას თავისუფალი პროფესიის მართვის საშუალებას მისცემს, ძალიან სერიოზული უკანგადადმული ნაბიჯი როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

ზოგადად, კანონებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი განცდა უნდა იყოს დაცულობა და თავისუფლება. ის, რომ მე პასუხი არ მომეთხოვება ჩემი აზრის გამოთქმისთვის და ის, რომ თუნდაც ადვოკატს დამოუკიდებლად საშუალება აქვს თავისი მოსაზრებით ჩამოაყალიბოს სტრატეგია საქმესთან დაკავშირებით, წარმოადგინოს კლიენტთან და იმის განცდა არ ჰქონდეს, რომ გენერალური პროკურორი უყურებს უკნიდან და იმას შეიძლება მისი საქმისადმი მიდგომა არ მოეწონოს - ეს სრულიად გამორიცხულია. თვითონაც გაუჩნდათ შეკითხვები და შემდეგ ამას არ უპასუხეს. ეს საქმისადმი უპასუხისმგებლო მიდგომაა. ჩვენ ვითხოვთ, რომ პასუხისმგებლობით გაიაზრონ საბოლოო შედეგი - რას მიიღებენ შედეგად. დაცვა სჭირდება ყველას - სოციალურად დაუცველია თუ სხვა. ეს სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, რომ ადამიანი დამოუკიდებელი დაცვით უზრუნველყოს“, - აცხადებს ქეთი ქვარცხავა.

გრანტების და იურიდიული დახმარების შესახებ კანონები წარმოადგენს ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შეზღუდვის და როლის დაკნინების საფრთხეს - სიფა

საქართველოს პარლამენტში "იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც ამ ორგანოს ხელმძღვანელობის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის. ასევე უწყება მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

ინიციირებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების საბჭო, ნაცვლად ცხრა წევრისა, შვიდი წევრისაგან დაკომპლექტდება.

იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციას მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული დახმარების მიწოდება წარმოადგენს. უწყება 2007 წლიდან არსებობს და ის სახაზინო ადვოკატების სისტემის ოპერირებაზე არის პასუხისმგებელი.

  • იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.);
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე.

2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტი 18 მილიონ ლარს შეადგენს. უწყების ხელმძღვანელის პოსტს დავით სიმონია იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები